კორონავირუსის გამო, უკრაინამ ყველა საზღვარი ჩაკეტა

უკრაინაში შესვლა ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეეზღუდა

48 საათში უკრაინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველა სასაზღვრო პუნქტს დახურავს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა 2 კვირის ვადით დაწესდება. გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან, შინ დაბრუნებას შეძლებენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი იმ ქვეყნებში მოგზაურობდნენ, სადაც “კორონავირუსი მძვინვარებს”, ობსერვაციის პროცედურის გავლა მოუწევთ. ამასთან, მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ შიდა მოგზაურობებისგანაც.

ალექსეი დანილოვის ბრიფინგის დროს ცნობილი გახდა უკრაინაში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების პირველი ფაქტის შესახებ. დაავადებას 71 წლის ქალბატონი ემსხვერპლა ჟიტომირის ოლქიდან, რომელიც პოლონეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ისე ერთ-ერთი იყო იმ სამ ინფიცირებულს შორის, რომლებსაც მიმდინარე კვირას კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდათ.

ოთხშაბათს, სამი კვირის ვადით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. დაიხურა ბაღები და სკოლები. აიკრძალა სახალხო ღონისძიებების ჩატარება.

ამჟამად, 42 მილიონიან უკრაინაში კორონავირუსით 2 პაციენტია ინფიცირებული.

 

 

 

 

  • 17
  •  
  •  
  •  
  •