BBC: ბრიტანეთი, კორონავირუსთან საბრძოლველად, ახალ ზომებს მიმართავს

ბრიტანელები ცდილობენ, დრო მოიგონ - ანტივირუსული პრეპარატის გამოჩენამდე

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, კორონავირუსის ეპიდემიის საწინააღმდეგოდ, ახალ ზომებს მიმართავს. ბრძოლა მომდევნო ფაზაში გადადის: ჩვენ უნდა შევძლოთ, შევანელოთ ვირუსის გავრცელების ტემპი, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. 

პირველი სტადია – ვირუსის შეჩერება, უკვე დასრულებულია. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინფექცია აუცილებლად გავრცელდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს. ამ დროისთვის, ბრიტანეთში ინფიცირების 596 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 10 ადამიანი. სულ, ჩატარდა 30 ათასამდე ტექსტი.

სპეციალისტები და მთავრობა აღიარებს, რომ ეს ციფრები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, დაინფიცირებულთა დიდ ნაწილს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, ამიტომ ექიმთან არ მიდის და დაავადება ფეხზე გადააქვს. თუმცა ისინი ვირუსის მატარებლებად და გამავრცელებლებად რჩებიან. 

აქედან გამომდინარე, სავარაუდო გათვლებით, ბრიტანეთში, შესაძლოა, სინამდვილეში უკვე 5-10 ათასი ინფიცირებული იყოს. ექსპერტები ამბობენ, რომ, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ბრიტანეთი იტალიას  4 კვირით ჩამორჩება. იტალიაში კი უკვე დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი.

“ეს ყველაზე რთული კრიზისია ჯანდაცვის სფეროში, რასაც კი ჩვენი თაობა მოსწრებია”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელება ბრიტანეთსა და დანარჩენ მსოფლიოში მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება, – “ბევრი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანებს, სანამ ეს ეპიდემია დასრულდება”. პრემიერ-მინისტრის თქმით, დაავადებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, მკვეთრად მოიმატებს. ამიტომ, ახლა მთავრობის მთავარი ამოცანაა, შეაჩეროს ვირუსის სწრაფი ტემპით გავრცელება.

მთავრობა სთხოვს ადამიანებს, რომლებსაც დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, მათ შორის, ხველა და ტემპერატურა, დარჩნენ სახლში – მინიმუმ, 7 დღე. ასევე, მიეცათ რეკომენდაცია ხანდაზმულებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. უქმდება ყველა სპორტული და სახალხო ღონისძიება. ჯერჯერობით, სკოლები არ დახურულა, თუმცა ინფიცირების კონკრეტული კერების არსებობის შემთხვევაში, ამ ზომასაც მიმართავენ. უკვე აიკრძალა სკოლის მოსწავლეებისთვის სხვა ქვეყნებში გამგზავრება.

ბრიტანეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ თუ ეპიდემიის გავრცელების ტალღის შეჩერება რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც მოხერხდა, ჯანდაცვის სისტემა მომზადებას მოასწრებს და მწყობრიდან არ გამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დაავადებული ვერ შეძლებს სათანადო და ადეკვატური მკურნალობის მიღებას.

მთავრობა ახლა დროის მოგებას ცდილობს. ის იმედოვნებს, რომ თუკი ეპიდემიის პიკის გადაწევა გვიან გაზაფხულისთვის ან ზაფხულისთვის მოხერხდა, კლინიკები არ იქნება ასე გადატვირთული – იმის გათვალისწინებითაც, რომ ახლა გრიპების და გაციების სეზონია. გარდა ამისა, ამ დროისთვის, უკვე შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი პროგრესი ანტივირუსული პრეპარატის ტესტირების პროცესში, შემუშავდეს ვაქცინა ან გაუმჯობესდეს ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის მეთოდები.

 

  • 65
  •  
  •  
  •  
  •