საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება

რაგბი ევროპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ამის შესახებ განცხადება, დღეს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

“ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის #რაგბიჩვენითამაშია 🏉”, – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

რაგბის კავშირმა, გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ რეკომენდაცია არ ჰქონდათ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ღია სივრცეში ხალხის შეკრების შეზღუდვაზე და მოუწოდა გულშემატკივარს, ბილეთები შეეძინა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება.

  •  
  •  
  •  
  •  
  •