ნიუ-იორკთან სამხედროების მობილიზება ხდება – იქ კორონავირუსის დიდი კერა აღმოჩნდა

ვირუსის მასობრივი გავრცელება ადგილობრივი სინაგოგოდან მოხდა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მეგაპოლისის ჩრდილოეთით, ერთი მილის რადიუსი ინფექციის გავრცელების განსაკუთრებით სახიფათო ზონად გამოაცხადა. აქ ქალაქი ნიუ როშელი მდებარეობს, სადაც აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე დიდი კერაა აღმოჩენილი.

ადგილობრივ მცხოვრებთა დასახმარებლად აშშ-ის ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები გაუშვეს, რომლებიც სამოქალაქო ფუნქციებსაც შეასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ წესრიგს, დაალაგებენ სკოლებს და საკვებს მიუტანენ კარანტინში მყოფ ადამიანებს. ხალხის დასამშვიდებლად, ნიუ როშელის მერმა, ნოამ ბრემსონმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები ქალაქში სამხედრო და საპოლიციო ფუნქციების შესასრულებლად კი არა, ადამიანების დასახმარებლად ჩავიდნენ.

ამ დროისთვის, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით დაინფიცირების 173 შემთხვევაა დადასტურებული – ქვეყნის მასშტაბით, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აქედან, 108 შემთხვევა სწორედ ნიუ-როშელის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ქალაქის მოსახლეობა სულ 77 ათას ადამიანს შეადგენს, თუმცა ნიუ-როშელიდან 40 კილომეტრში მდებარეობს მრავალმილიონიანი ნიუ-იორკი. ახლა ნიუ-იორკში მხოლოდ 36 დაინფიცირებულია.  

ნიუ-როშელში ადამიანების გადაადგილება არ შეუზღუდავთ, თუმცა ორი კვირით დაიკეტა სკოლები, მსხვილი საწარმოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ასევე, დაიხურა მოხუცთა თავშესაფარი, რომელიც, მართალია, სახიფათო ზონაში არ მდებარობს, მაგრამ, როგორც ცნობილია, მოხუცები კორონავირუსის დროს განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსის მასობრივად გავრცელება ქალაქში მდებარე სინაგოგიდან დაიწყო –  ერთ ინფიცირებული მამაკაციდან, რომელმაც ინფექცია დანარჩენებს გადასდო. ახლა სინაგოგაში მყოფი 1000 ადამიანი კარანტინში იმყოფება. 

სულ, აშშ-ში დარეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 804 შემთხვევა. გარდაიცვალა 28 ადამიანი.

 

  • 215
  •  
  •  
  •  
  •