საფონდო ბირჟები კორონავირუსს დანებდნენ

ინვესტორებს უკვე აღარ სჯერათ, რომ ყველაფერი მალე მოგვარდება

ინვესტორებმა აღიარეს, რომ მსოფლიო, კორონავირუსის გამო, ღარიბდება და გასულ კვირას, საუკუნის გაყიდვა მოაწყვეს. ასეთი რამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ არ მომხდარა, რის შედეგებსაც მსოფლიო ეკონომიკა დღემდე იმკის.

ეპიდემიასთან დაკავშირებული პანიკა, უკვე რამდენიმე კვირაა, საფონდო ბირჟებს უტევს. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ბაზრის მდგრადობის შენარჩუნება მაინც ხერხდებოდა – იმედით, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდებოდა. ბოლო კვირის სიახლეებმა კი, ევროპაში ვირუსის მასობრივად გავრცელების და ყველაზე მდიდარი რეგიონების კარანტინში მოქცევის თაობაზე, ეს იმედი საბოლოოდ დაამსხვრია და ბირჟებიც დანებდნენ.

ბოლო წვეთი ნავთობის ბაზარზე ფასებით თამაში იყო. საუდის არაბეთმა ნავთობის ონკანი გახსნა და მისი ფასი მესამედით შემცირდა, რამაც მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მასშტაბური გაყიდვების პროვოცირება გამოიწვია.

ევროპისა და აშშ-ის აქციები 6-10%-ით გაიაფდა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა კი გახსნიდან მალევე, 15 წუთით დაიკეტა, რათა ქაოსი არ მომხდარიყო. ამავდროულად, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების სავალუტო კურსები, მათ შორის, რუსეთის, მნიშვნელოვნად ეცემა, ხოლო განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო ვალი საგრძნობლად იმატებს.

ინვესტორების მთავარი საზრუნავი ახლა კაპიტალის ზრდა კი არა, მისი შენარჩუნება და დანაკარგების მინიმალიზაციაა. ასეთი სცენარი პრობლემებს უქმნის მათ, ვინც თანხებს დეპოზიტზე ინახავს, ასევე, საპენსიო ფონდებს. პრობლემები ექმნებათ მეწარმეებს და ბანკებსაც – ბანკები, ასეთ დროს, ნაკლებად გასცემენ როგორც სამომხმარებლო, ასევე ბიზნეს-კრედიტებს და თავადაც კარგავენ კაპიტალს და შემოსავლებს.

ანალიტიკოსები ახლა ერთმანეთს ტრაგიზმში ეჯიბრებიან: “სისხლისღვრა”, “შავი ორშაბათი”- ეს შეფასებები, შესაძლოა, ისტორიულ პერსპექტივაში, გადაჭარბებული აღმოჩნდეს, თუმცა ფაქტია: მიმდინარე კვირა, ბოლო მსოფლიო კრიზისის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური გაყიდვებით დაიწყო.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საფონდო ბირჟები თანამედროვეობის ყველაზე გრძელვადიან რალს შეწყვეტენ და პროგრესული ზრდიდან ნელ ვარდნაზე გადავლენ. ეს კი იმის დასტური იქნება, რომ ინვესტორებს უკვე აღარ სჯერათ მსოფლიო ეკონომიკის შესაძლებლობის, რომ ის გაუმკლავდება კორონავირუსის აფეთებას და ზრდას გააგრძელებს. ახლა ისინი ახალი კრიზისისთვის ემზადებიან.

წყარო: BBC

  • 6
  •  
  •  
  •  
  •