EXCLUSIVE რეპორტაჟი მილანიდან – ცხოვრება წითელ ზონაში

ციცი ხაბელაშვილი The Recorder-სთვის მილანიდან: „ლომბარდია დაიკეტა,  ვირუსი გარდაუვალია. დარწმუნებულიც ვარ, ეს შავი ქარიშხალი ჩემ კართანაც მოაკაკუნებს“

„ 9 მარტი, 16:00 სთ –  ვუყურებ ონლაინ მონაცემებს, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, რომელიც ყოველ წუთს იცვლება – 622 გამოჯანმრთელებული, 366 გარდაცვლილი და 7375 ინფიცირებული ადამიანი ფიქსირდება ამ წუთებისთვის…

ადგილობრივ ჟურნალებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბულატორიებში აღარ აქვთ საკმარისი ადგილები.

ციხეებში ქაოსია, დაინფიცირებულ პატიმრებს შუა ქალაქში სპეციალურ კარვებში ათავსებენ. ვუახლოვდები ციხეს და რეპორტაჟისთვის ფოტოს ვუღებ… კარავი დაწესებულების გარეთ არის გაშლილი, იქვე პოლიცია პატრულირებს. მძიმე სანახავია…

ქალაქში, ექიმ მატეო მაფეისთან ერთად გავედი, რომელიც აქამდე მამშვიდებდა, რომ ეს ვირუსი ჩვენთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ვხედავ, რომ არ წყდება მის სმარტფონში შეტყობინებები ექიმთა საერთო ჯგუფიდან.  მას მეტი წვდომა აქვს უახლეს ინფორმაციასთან და ვატყობ, შფოთავს. დღეს კვირაა და ჩემთან ერთად მოდის ფოტორეპორტაჟის მოსამზადებლად, რომ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია გავავრცელოთ წითელი ზონიდან.

შეშინებული ხალხისგან დაცარიელებულ ქუჩებს ველოდით, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.  შედიხარ დილით კაფეში და გხვდება რამდენიმე ახალი წესი:  ბართან დგომა აიკრძალა, შესვლისთანავე სადეზინფექციო ხსნარით იწმენდ ხელს და იკავებ შენს სკამს, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ ორი მეტრის დაშორებით სხვა ადამიანისგან.

სადილისთვის პროდუქტები მაქვს შესაძენი. სუპერმარკეტ „ესელუნგასთან“ გრძელი რიგი მხვდება. ვფიქრობ, განმეორდა მაღაზიების დაცლის პირველი ტალღა, მაგრამ არა! ამ შემთხვევაში, შესასვლელში დგას კონტროლიორი ხელთათმანით (პირბადის გარეშე, ხელში სიგარეტით) და იცავს წესს, რის მიხედვითაც სუპერმაკეტში ერთდროულად, მაქსიმუმ, 10 ადამიანს შეუძლია შესვლა, რადგან მათი სიმრავლით არ გართულდეს იმ დისტანციის დაცვა, რაც რეგულაციაშია – დისტანცია 2 მეტრი.

გამახსენდა, რომ ქალთა დღისთვის დიდი ფასდაკლებებია და შოპინგის იდეა გამიჩნდა. ვიფიქრე, წავალ, ნაკლები ხალხი დამხვდება, მაგრამ უკვე მიხვდით, რაც მოხდებოდა: თითქმის ყველა მაღაზია, რაც დუომოსთან არის განთავსებული და მუდამ სავსე იყო ხალხით, კვირა დღის მიუხედავად, დაკეტილია. კართან წარწერაა გამოკრული:  „ვწუხვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით, ვიკეტებით, სავარაუდოდ, სამ აპრილამდე”.

საღამოს ბარში შევლა მინდოდა, მაგრამ მაცნობეს, რომ ბარ-რესტორნები მხოლოდ დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს.

ყველა გამვლელ-გამომვლელი მხოლოდ კორონავირუსზე საუბრობს, თითქოს ყველა ერთ აკვარიუმში ვართ მოთავსებული… ასეცაა,  ლომბარდია დაიკეტა, ვირუსი გარდაუვალია.  ახლა უკვე დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს შავი ქარიშხალი ჩემ კართანაც მოაკაკუნებს. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ ვიცი, ჩემს პატარა, 6 წლის შვილს საფრთხე არ ემუქრება –  ბავშვებში ანტიკორპი, ანუ მაღალი იმუნიტეტია, რაც ადვილად ამარცხებს ვირუსს. ჩვენ, ახალგაზრდებს, არამწეველებს, ჯანმრთელი ცხოვრების წესი დაგვეხმარება…  მაგრამ, რაც მეტი დღე და საათი გადის, ყველა ხვდება, რა ელის ქვეყანას… რომ უფრო მეტი ზარალი მიადგება იტალიას კორონავირუსით, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა მიაყენა”.

ციცი ხაბელაშვილი, სპეციალურად The Recorder-სთვის მილანიდან

  • 82
  •  
  •  
  •  
  •