EXCLUSIVE – ბუნტი ციხეში: გაქცეულია 50, გარდაცვლილია 6 პატიმარი – რეპორტაჟი “სან-ვიტორეს” ციხიდან

ციცი ხაბელაშვილი, სპეციალურად The Recorder-სთვის მილანიდან

კორონავირუსის აფეთქებამ იტალიის საპატიმროებში მასობრივი არეულობა და საყოველთაო ბუნტი გამოიწვია. მსჯავრდებულთა დაუმორჩილებლობის მიზეზი ახლობლებთან შეხვედრების შეზღუდვა გახდა, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა.

ბუნტი იტალიის 27-ვე ციხეში ერთდროულად დაიწყო. არეულობის დროს, საპატიმროდან 50-მდე მსჯავრდებული გაიქცა, 6 კი – გარდაიცვალა. მათი უმეტესობა მოდენას ციხიდან არის, რომელიც აჯანყების პირველი ადგილი იყო.

პატიმრებმა ტყვედ აიყვანეს ბადრაგის თანამშრომლები, დაწვეს ავეჯი და ლეიბები, მოიპარეს გასაღებები და დანარჩენი მსჯავრდებულებიც გაათავისუფლეს. შემდეგ მათ გაამტვირიეს ბარიერები და დაწესებულების სახურავზე ავიდნენ.

აჯანყებულმა მსჯავრდებულებმა შეაღწიეს ლაზარეთშიც, საიდანაც დიდი ოდენობით მეტადონი მოიპარეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორი პატიმარი სწორედ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გარდაიცვალა. ერთი კი ლეიბების დაწვისგან წარმოქმნილმა კვამლმა გაგუდა.

რამდენიმესაათიანი ბუნტის შემდეგ, საქმეში სპეცრაზმი ჩაერთო. პატიმრები დააკავეს და იზოლატორში გადიყვანეს.

ბუნტის პარალელურად, სიტუაცია დაიძაბა დაწესებულების გარეთაც, სადაც მსჯავრდებულთა ახლობლები ძალოვნებს დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრები ახლა შიშობენ, რომ ისინი კორონავირუსით არიან ინფიცირებული. თუმცა, ამის თაობაზე, ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.

გთავაზობთ შემთხვევის ადგილზე, „სან-ვიტორეს“ საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტომასალას.

ციცი ხაბელაშვილი, სპეციალურად The Recorder-სთვის მილანიდან.

 

 

 

  • 54
  •  
  •  
  •  
  •