120/30  ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდნენ

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრისას გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ხოლო პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ყველა პირის მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყდება.

“გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომლებიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდეს. ვიცი არჩილ თალაკვაძემ რა თქვა. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგვიძლია დავარქვათ პოლიტპატიმრები, ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები. შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გვარების ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული. ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.

“ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს – ხალხისა და ქვეყნის – საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია დიპლომატთა განცხადებაში.

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •