ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი ინფიცირებული თანამშრომლისგან გადაედო

ამირან გამყრელიძე: "ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია"

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაცია შვილის თვითიზოლაციის შესახებ გუშინ მისმა მამამ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, დღეს დილით კი, ნიკოლოზ გამყრელიძემ, უკვე დადასტურებული დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით. შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ, საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია (მხოლოდ ხუთშაბათს 5/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია, არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას“, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებას, დღეს ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია”.

“არაფერი დასამალი არაა, ჩემმა შვილმა თვითონ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კალსტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი არიან თანამშრომლები და დიდი ალბათობით იქიდან მოხდა გადაცემა”, — თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მისმა შვილმა დაწერა სია, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი და გადასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ამ ეტაპზე კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული.

  • 35
  •  
  •  
  •  
  •