COVID 19 / კორონავირუსით ინფიცირებული მე-4 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 44 წლის მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის თვითიზოლაციის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ეს არის ჩვენს ცენტრში უკვე დაავადების მეოთხე შემთხვევა. განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა. დაწყებულია მკურნალობა. გუშინდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია,” – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მეოთხე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია და ისინი დეტალურად იქნებიან გამოკვლეული-განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„რაც შეეხება ფრენებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით არ იძლევა რეკომენდაციებს ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობით გამოვლინდა.

ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი, ყველა იმ პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე, ესენი არიან მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს.

ეს პაციენტი რეკომენდაციით იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება საჭირო. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

  • 10
  •  
  •  
  •  
  •