500 მილიონი დოლარი შენელებული აიფონებისთვის – Apple მომხმარებლებს კომპენსაციას გადაუხდის

კომპანიამ Apple თანხმობა განაცხადა, გადაიხადოს 350-დან 500 მილიონამდე დოლარი ამერიკელი მომხმარებლების კოლექტიური საჩივრის საპასუხოდ, რომლებმაც მას ძველი “აიფონების” მუშაობის განზრახ შენელებაში დასდეს ბრალი.

iPhone-ის ძველი მოდელების მფლობელები ამბობენ, რომ ოპერაციული სისტემების განახლების შემდეგ, მათმა ტელეფონებმა ბევრად ნელა დაიწყეს მუშაობა. საჩივრის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამით კომპანია მომხმარებლებს იძულებულს ხდიდა, ახალი გაჯეტები შეეძინათ.

კომპენსაციას მიიღებენ iPhone 6, 6 Plus, 6s, 6s Plus, 7, 7 Plus и SE მოდელების მფლობელები, რომლებიც 2017 წლის 21 დეკემბრამდე iOS 10.2.1 ან iOS 11.2 ოპერაციულ სისტემებს იყენებდნენ. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი მომხმარებელი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, თითოეულს, შესაძლოა, 25 დოლარის ოდენობის კომპენსაცია ერგოს. სარჩელის ავტორები 1500 დოლარს მიიღებენ; ხოლო ვინც მიყენებული ზიანის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარადგენს, კომპანია 3500 დოლარს გადაუხდის. Apple-ს ასევე მოუწევს, გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები – 94,5 მლნ დოლარის ოდენობით.

იმის მიუხედავად, რომ კომპანია სასამართლო დავის მოგვარებას და კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, ის არ აღიარებს, რომ ძველი მოდელის ტელეფონები შეგნებულად შეანელა. 2017 წელს მან გაჯეტების შენელებული მუშაობა კვების წყაროს დააბრალა. Apple-ში განაცხადეს, რომ ახალი ოპერაციული სისტემები სმარტფონების მუშაობას ანელებდა, რათა დიდი დატვირთვის დროს ისინი მოულოდნელად არ გამორთულიყვნენ. კომპანია აცხადებდა, რომ ამ პრობლემის მოგვარება კვების ძველი აკუმულატორის ახლით შეცვლით იყო შესაძლებელი. მომხმარებელთა ნდობის დასაბრუნებლად, Apple-მა მაშინ აკუმულატორების შეცვლის ფასი ძველი მოდელების ტელეფონებისთვის აშშ-ში 79-დან 29 დოლარამდე შეამცირა. გარდა ამისა, ახალი iOS 11.3 გაჯეტის შენელებული მუშაობის ფუნქციის გამორთვის შესაძლებლობას იძლეოდა, თუკი მომხმარებელი მზად იქნებოდა, შეგუებოდა ტელეფონის შესაძლო უეცარ გამორთვას.

თებერვლის დასაწყისში, Apple საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომაც დააჯარიმა – 25 მილიონი ევროთი, რადგან კომპანიამ არ გააფრთხილა მომხმარებლები, რომ ოპერაციული სისტემების განახლება მათი გაჯეტების შენელებულ მუშაობას გამოიწვევდა.

 

 

  • 57
  •  
  •  
  •  
  •