კორონავირუსის გავრცელებისთვის, რელიგიური სექტის ლიდერებს მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ

სამხრეთ კორეაში კათოლიკური ტაძრები, ვირუსის გამო, დაიკეტა

სეულის ხელისუფლებამ პროკურატურაში შინჩონჯის მიმდევართა რელიგიური სექტის 12 ლიდერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათ ბრალი ედებათ მკვლელობაში, ზიანის მიყენებასა და ინფექციური დაავადებების გავრცელების კონტროლის შესახებ კანონის დარღვევაში. 

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, ვირუსის აფეთქება და მისი მთელ ქვეყანაში გავრცელება მოხდა ქალაქ თეგუდან, სადაც ამ სექტის მიმდევრებმა, რელიგიური რიტუალის დროს, ჯერ ერთმანეთი დააინფიცირეს, შემდეგ კი ინფექცია სხვებსაც გადასდეს.

ხელისუფლებამ სექტის წევრებს – 230 ათას ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. აქედან, 9 ათასმა პირმა განაცხადა, რომ კორონავირუსის სიმტომები ჰქონდა. ანალიზი ჩააბარა რელიგიური დაჯგუფების მეთაურმაც, 88 წლის ლი მან ჰიმ, რომელიც საკუთარ თავს მესიას უწოდებს. შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია. 

კვირას, სამხრეთ კორეაში, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხის გამო, დაკეტილი იყო ყველა კათოლიკური ტაძარი. კათოლიკური ეკლესიის მიმდევართა რიცხვი ქვეყანაში 5,8 მილიონ ადამიანს აღწევს. 1734 ტაძარში მესა 7 მარტამდე გადაიდო. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა სამხრეთ კორეაში კათოლიციზმის 236 წლიანი ისტორიის განმავლობაში.

საკვირაო წირვა გადადეს სხვა რელიგიური კონფესიების მიმდევრებმაც, მათ შორის, პროტესტანტებმა და ბუდისტებმა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსი ყველაზე მეტად სამხრეთ კორეაშია გავრცელებული. ამ დროის მონაცემებით, დაინფიცირებულია 3737 ადამიანი, გარდაიცვალა -21. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი შინჩონჯის მიმდევართა რელიგიური სექტის წევრები არიან.

ეს რელიგიური სექტა 1984 წელს სამხრეთ კორეელმა მქადაგებელმა, ლი მან ჰიმ დააარსა. ის საკუთარ თავს იესო ქრისტეს შემდგომ მოსულ მესიად თვლის. ლი მან ჰი ამტკიცებს, რომ ბიბლია დაშიფრული, მეტაფორული ენითაა დაწერილი და მისი სწორად წაკითხვა მხოლოდ მას და მის მიმდევრებს შეუძლიათ.

აბრევიატურა “შინ-ჩონჯი” იშიფრება, როგორც “ახალი ზეცა და ახალი მიწა”. სექტა ადრე მხოლოდ სამხრეთ კორეაში იყო გავრცელებული, თუმცა დღეს მას მიმდევრები სხვა ქვეყნებშიც ჰყავს.

წყარო: BBC

 

 

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •