კორონავირუსი – როგორ უნდა დავიცვათ თავი დიდ ქალაქებში?

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხალხმრავლობა, სკოლები, ოფისები - ადგილები, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება

ახალი ტიპის კორონავირუსი, სახელწოდებით Covid-19, უკვე გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. არსებული მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ის კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. ეპიდემიის განსაკუთრებული რისკის ქვეშ, მსოფლიოს დიდი ქალაქებია. სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან, თუკი ხალხმრავალ ადგილას ვცხოვრობთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია.

ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, მცირე ნაწილაკებისგან, რომლებსაც ცემინების ან ხველების დროს გამოვყოფთ.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც გრიპის აფეთქების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, სხვებთან შედარებით, 6-ჯერ მეტად ავადდებიან.

სწორედ ამის გამო, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს – სპეციალური ხსნარებით იწმინდება ზედაპირები მეტროში, ავტობუსებსა და გაჩერებებზე.

ხალხმრავლობა

ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა, ვთქვათ, სპორტული მატჩები, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამის გამო, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ამგვარი ღონისძიებების ჩატარება გადადო.

გადაიდო “ფორმულა 1”-ის გრან-პრი  შანხაიში, ასევე, ფეხბურთში აზიის ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩი და რაგბის მატჩები ევროპაში.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარება ტოკიოში, რომელიც 24 ივლისს უნდა დაიწყოს.

კორონავირუსი შეეხო რამდენიმე რელიგიურ ღონისძიებასაც. საუდის არაბეთმა მექასა და მედინაში უცხოელ მომლოცველთა ჩასვლა აკრძალა.

სკოლები

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ცვლილებები შევიდა სასკოლო განრიგშიც. იაპონიაში, ტაილანდში, ირანსა და ერაყში სკოლები და უნივერსიტეტები, ვირუსის გამო, დაიკეტა. ბრიტანეთსა და აშშ-ში სასწავლო პროცესი გრძელდება. თუმცა იმ მშობლებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეპიდემიის გავრცელების ადგილას იმყოფებოდნენ, რეკომენდაციას აძლევენ, დარჩნენ შინ და არც ბავშვები გაუშვან სკოლაში.

ოფისები 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აისახა კომპანიების მუშაობაზეც. ბევრი კომპანიის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს შინიდან მუშაობის უფლება დართო.

სან-დიეგოსა და სან-ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს – ოფისების თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, ხელი არ ჩამოართვან არავის, მათ შორის, ოფიციალური შეხვედრების დროს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა მისცენ, განსაკუთრებით მათ, ვისაც რესპირაციული ვირუსული ინფექციის რაიმე ნიშანი აღმოაჩნდება, მაგალითად, ხველა.

ინფორმირება

ადამიანებს უნდა ესმოდეთ მარტივი ჰიგიენური პროცედურების ჩატარების მნიშვნელობა, როგორიცაა, ვთქვათ, ხელების სწორად დაბანა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასეთ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

  • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნით ან გაიწმინდეთ ანტისეპტიკური ხსნარით;
  • დაიფარეთ ცხირი და პირი, როდესაც აცემინებთ ან ახველებთ.
  • გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი, რომელიც ხმარების შემდეგ უნდა გადააგდოთ;
  • არ შეეხოთ სახეს დაუბანელი ხელით;
  • მოერიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვისაც რესპირაციული ვირუსული ინფექციის რაიმე სიმპტომი აღენიშნებათ;
  • მოერიდეთ გარეულ და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებს.

საავადმყოფოები

კორონავირუს Covid-19-ის ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. საავადმყოფოების მთავარი ამოცანა – გართულებულ ინფექციებთან ბრძოლაა.

სამედიცინო დაწესებულებებს ურჩევენ, მოახდინონ პაციენტების იზოლირება და დარწმუნდნენ, რომ სამედიცინო პერსონალს დამცავი ფორმა აცვია.

აშშ-ისა და ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობს, რომ თუ ვირუსის გავრცელება სწრაფად გაიზარდა, საავადმყოფოებში ადგილი არ იქნება.

იზოლაცია

ბრიტანეთში მოქალაქეებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

ჩინეთის ქალაქი უჰანი, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია, იზოლაციაში რჩება. იზოლაციაშია, ასევე, ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე რაიონი.

თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, ყველა დიდი ქალაქის სრულ იზოლაციაში მოქცევა შეუძლებელი იქნება, რადგან ეს ერთმანეთისგან დააშორებს არა მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, არამედ, შეაფერხებს მედიკამენტებით, სურსათითა და საჭირო ნივთებით მომარაგებას და ექიმების როტაციას საავადმყოფოებში.

წყარო: BBC

 

 

 

 

  • 16
  •  
  •  
  •  
  •