საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ამირან გამყრელიძე: "სამივეს მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია"

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. “ისინი ერთად გახლდნენ ირანში. შემდგომ ეს ადამიანი ირანიდან აზერბაიჯანის გზით წამოვიდა, აზერბაიჯანში რამდენიმე დღე იყო და საქართველოში გუშინ შემოვიდა.

ჩვენ გვქონდა 93 შესაძლო შემთხვევა, ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან.

გუშინ მას ტემპერატურა დაუფიქსირდა საზღვარზე, საგანგებო სამსახურის მიერ ინფექციურში გადავიყვანეთ და ნიმუშის აღების შემდეგ დადასტურდა კორონავირუსის არსებობა. სამივეს მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •