ისტორიული შეთანხმება მიღწეულია: აშშ და თალიბანი ავღანეთში მშვიდობაზე შეთანხმდნენ

13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი შინ დაბრუნდება

აშშ-მ და რადიკალურმა დაჯგუფება “თალიბანმა” ავღანეთში სამშვიდობო პროცესის დაწყებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ისტორიული შეთანხმებით, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდება, რომელმაც უკვე შეიწირა ათეულ ათასობით სიცოცხლე და მილიარდობით დოლარი. ავღანეთში მყოფი 13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი შინ დაბრუნდება. 

  • იმ შემთხვევაში, თუ თალიბანი შეთანხმების პირობებს დაიცავს, ამერიკული ჯარი ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებს.
  • შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის, მოლაპარაკებები დაიწყება.
  • თალიბანი არც ერთ მის წევრს და არც “ალ-ქაიდას” არ მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების წინააღმდეგ.
  • აშშ და ავღანეთის ხელისუფლება 5 ათას ტყვეს გაათავისუფლებს; თალიბანი კი, 10 მარტამდე – ათასამდე ტყვეს.

აშშ-ის ჯარები ავღანეთში 19 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ შევიდნენ. ეს ყველაზე გრძელვადიანი სამხედრო კამპანიაა ამერიკის ისტორიაში. კონფლიქტის შედეგად, დაიღუპა 2400 ამერიკელი ჯარისკაცი. 

სამშვიდობო შეთანხმებას ბევრი ექსპერტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის სარისკოდ მიიჩნევს, ვინაიდან ამით, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, “თალიბანის” ლეგიტიმაცია ხდება. თუმცა მილიონობით ავღანელისთვის ეს დიდხანს ნანატრი მშვიდობის შანსია.

ავღანეთში ომის შეწყვეტა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. 2019 წლის ნოემბერში ტრამპი პირველად ეწვია ავღანეთს. მან ამერიკელი ჯარისკაცები მოინახულა და ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ განის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განცხადა, რომ თალიბანს ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება უნდა.

შეთანხმების ხელმოსაწერად, დოჰაში რადიკალური მოძრაობის 31 წევრი ჩავიდა, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

ფოტოები: AFP; GETTY IMAGES

 

  • 96
  •  
  •  
  •  
  •