საჰაერო დარტყმის შედეგად, სირიაში 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ სირიის საზღვართან მდებარე თურქეთის პროვინცია ჰატაის გუბერნატორმა, რაჰმი დოგანმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციიით, ავიაშეტევა “სირიის რეჟიმის” სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს, თუმცა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. სირიის ხელისუფლება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეტინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო და სახმელეთო შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბში, “სირიული რეჟიმის” ყველა ცნობილ ობიექტზე საპასუხო შეტევა განახორციელეს.

სირიის საზღვართან გაემგზავრნენ თურქეთის თავდაცვის მინისტრი და სამხედრო მაღალჩინოსნები. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

იდლიბი ერთადერთი რეგიონია სირიაში, რომელიც ოპოზიციის კონტროლქვეშ რჩება. იქ იმყოფება, დაახლოებით, 3,5 მილიონი დევნილი სირიის სხვადასხვა პროვინციიდან, რომლებიც დამასკოს ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ.

თურქეთი სამხედრო დახმარებას უწევს სირიის ოპოზიციას, იმ დროს, როცა რუსეთი სამთავრობო რეჟიმის მხარდამჭერია. სირიაში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი, რუსული სამხედრო ავიაცია კი სირიის ავიაციას ეხმარება.

ვითარება იდლიბში მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა განაცხადა, რომ თებერვლის ბოლომდე დამასკომ თავისი შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს პროვინციაში განლაგებულ, თურქეთის სადამკვირებლო პოსტებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა “სათანადო ზომების” მიღებით დაიმუქრა.

გაერომ შეშფოთება გამოხატა, რომ პროვინციისთვის ბრძოლა, შესაძლოა, ფართომასშტაბიან სამხედრო კონფქლიტში გადაიზარდოს.

19 თებერვალს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთმა სირიის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული შერიგების პროექტი ჩააგდო. ბელგიისა და გერმანიის მოწოდებებზე, რომ ადამიანების მკვლელობა უნდა დასრულდეს, რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარებისთვის, დასავლურმა ქვეყნებმა “ბოევიკების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ.” ამ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებაც მოჰყვა, რომ თურქეთი იდლიბის პროვინციაში ვითარების დეესკალაციის შეთანხმებას არღვევს.

სირიაში, თურქ სამხედროებზე თავდასხმა უკვე დაგმეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთს, ჩვენს მოკავშირეს ნატოში და მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთსა და მხარდამჭერს ფორმირებებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს უღირსი თავდასხმა,” – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ფოტო: AFP

 

 

 

 

  • 10
  •  
  •  
  •  
  •