კორონავირუსის აფეთქება: რა ხდება, ამ დროისთვის, მსოფლიოში?

მილანი და ვენეცია დაცარიელდა; ირლანდიამ იტალიასთან რაგბის მატჩი გადადო

კორონავირუსით – Covid-19 ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიაში მკვეთრად იმატა – მხოლოდ ერთ ღამეში დაავადებულთა რაოდენობა ერთი მესამედით გაიზარდა და 453 ადამიანს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 3.

ეპიდემია იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული, მათ შორის, ლომბარდიაში, რომლის მთავარი ქალაქი მილანია. მილანში რესტორნები, კაფეები და სასტუმროები, პრაქტიკულად, დაცარიელდა. ვირუსის გავრცელების მხრივ, მეორე ადგილზეა ვენეცია და მისი მიმდებარე ტერიტორიები. 

იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა ზომას მიმართავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იხურება სკოლები, უნივერსიტეტები, კინოთეატრები. კარანტინში მოხვდა რამდენიმე ქალაქი და 55 ათასამდე მოქალაქე.

  • აშშ-მ და სამხრეთ კორეამ გაურკვეველი ვადით გადადეს ერთობლივი სამხედრო სწავლება.
  • სამხრეთ კორეაში ინფიცირების 334 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, ქვეყანაში 1600 ადამიანია ახალი ვირუსით დაავადებული. აქედან, 12 გარდაიცვალა.
  • აშშ-ში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.
  • საუდის არაბეთმა, მუსლიმთა წმინდა ქალაქებში – მექასა და მედინაში, უცხოელი მომლოცველების ჩამოსვლა აკრძალა. 
  • ერაყში აიკრძალა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა სკოლები, უნივერსიტეტები და გასართობი ცენტრები.
  • ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა. გასულ დღე-ღამეში, ახალი ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ 29 შემთხვევა დაფიქსირდა.  

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა ავსტრიაში, ხორვატიაში, საბერძნეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. აქედან, დაავადებულთა უმეტესობა იტალიაში იყო ნამყოფი. ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც – დაავადებული ქვეყანაში ირანიდან ჩამოვიდა, სადაც ეპიდემია ასევე მძვინვარებს.

ახალი შემთხვევები გამოვლინდა ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ირლანდიამ იტალიასთან რაგბის მატჩი გადადო.

  • ევროპის მიღმა, ვირუსის ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა ალჟირში, ბრაზილიასა და პაკისტანშიც. სამხრეთ ამერიკაში პირველი დაავადებული ბრაზილიაში ასევე ირანიდან ჩავიდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებში კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საიდანაც ეპიაფეთქება დაიწყო.

მსოფლიოს 40 ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 82 ათასი შემთხვევა. გარდაცვლილია 2700 ადამიანზე მეტი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

წყარო: BBC

 

 

 

 

 

 

  • 26
  •  
  •  
  •  
  •