ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდება

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში სერგეი ლავროვის ვიზიტის თავიდან აცილების მიზნით, ლოკაცია შეიცვალა

14-15 მაისს დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება. გადაწყვეტილება სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეეების სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. თუმცა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს უნდა უზრუნველყო ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მინისტერიალში მონაწილეობა და მათ შორის, რუსეთის მხარისაც.

მინისტრის თქმით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტურად სრული გაგებაა მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებასთან დაკავშირებით.

“2019 წლის ნოემბერში, როდესაც გადმოვიბარეთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სურვილი გამოვთქვით, რომ მინისტერიალი თბილისში ჩატარებულიყო. რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. ჩვენ 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია”, — განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, არცერთ ძალას არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია და ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის.

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 14-15 მაისს არის ჩანიშნული. დაგეგმილი იყო, რომ  საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, მინისტერიალისთვის თბილისში უნდა ემასპინძლა. იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაძლოა რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრები ჩამოსულიყვნენ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც,  მინისტერიალის ჩატარების ადგილი შეიცვალა.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •