აჭარის მაუწყებელს ჟურნალისტები ვახო ხუზმიაშვილის დირექტორის მოადგილედ დანიშვნას აპროტესტებენ და ტელევიზიას ტოვებენ

ნინო ხოზრევანიძე: „ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით“

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები ტელევიზიის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილის დანიშვნას აპროტესტებენ. ისინი ახალ ხელმძღვანელს კვალიფიკაციას უწუნებენ და პროფესიულ წარსულს ახსენებენ.

პროტესტის ნიშნად დღეს აჭარის მაუწყებელი თბილისის ბიუროს რეპორტიორმა, ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. ჟურნალისტის განცხადება გათავისუფლების შესახებ დირექტორმა დააკმაყოფილა.

“ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის. 21 თებერვალს ვნახეთ, როგორ მოარგეთ კონკურსი ბაკალავრის დიპლომის მქონე ვახო ხუზმიაშვილს, რომლის დანიშვნაზეც წინასწარ ვიცოდით. 20 თებერვალს განვითარებული მოვლენები კი სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს. მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ” – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ნინო ხოზრევანიძემ გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა.

  • 11
  •  
  •  
  •  
  •