გიორგი გახარია: “მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას”

The Washington Times გიორგი გახარიას წერილს აქვეყნებს

“შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატო-ში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“ – ეს არის ამონარიდი გიორგი გახარიას წერილიდან, რომელსაც ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, “მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას”

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატო-ს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატო-სა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.

„ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატო-ში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი სტატიაში.

  • 32
  •  
  •  
  •  
  •