ანტარქტიდაზე ყინულის დნობის მასშტაბი უპრეცენდენტოდ გაიზარდა

კონტინენტზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 18,3 °C დაფიქსირდა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც ანტარქტიდაზე არსებული ყინულის საფარის დნობის პროცესია დაფიქსირებული.

კონტინენტზე ყინულის ასეთი სწრაფი ტემპით დნობა მკვეთრმა დათბობამ გამოიწვია. 2020 წლის 6 თებერვალს ანტარქტიკის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა, მეტეოროლოგებმა რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 18,3 °C დააფიქსირეს, რაც უპრეცენდენტო მაჩვენებლია.

NASA-ს მიერ 4 და 13 თებერვალს გადაღებული ფოტოსურათების შედარებისას ჩანს, როგორ ჩნდება კუნძულ იგლ აილენდის ზედაპირზე ლურჯი ფერის ლაქები. ეს არის წყალსატევები, რომლებიც დამდნარი ყინულისგან წარმოიქმნა. ირკვევა, რომ მხოლოდ 6 თებერვალს კუნძულზე ყინულის საფარი 30 მილიმეტრით შემცირდა. საერთო ჯამში კი დანაკარგმა 106 მილიმეტრი შეადგინა, რაც ამ რეგიონში თოვლის სეზონური დაგროვების 20 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ იგლ აილენდის გარდა ყინულის დნობის მასშტაბური კერა ახლომდებარე ბოიდელის მყინვარზეც აღმოაჩინეს. ჯამში კი, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე დროის პერიოდში, ანტარქტიდაზე ყინულის საფარის გალღვობის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

თებერვლის თვეში ყინულოვან კონტინენტზე ტემპერატურის მკვეთრი მატების მიზეზად მკვლევარები რამდენიმე მეტეოროლოგიური ფაქტორის ერთიანობას, მათ შორის, ჰორნის კონცხთან დაფიქსირებულ მაღალ წნევასა და ანტარქტიკულ ანდებში თბილი და მშრალი ჰაერის მასების შემოჭრას ასახელებენ.

ფოტო: NASA

  • 55
  •  
  •  
  •  
  •