თბილისის განვითარების ფონდი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს

მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს, რომელთა შორის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციაა. სამუშაოები ორ წელს გაგრძელდება და მისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნება.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, მუზეუმის რეაბილიტაცია მოხდება ისე, რომ ყველაფერს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდეს.

„აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თავისი ისტორიითა და მასში დაცული ექსპონატებით ერთ-ერთი განსაკუთრებული შენობაა. მუზეუმი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, საძირკველი მთლიანად წყალშია და არსებობს რისკი, რომ ჩამოიშალოს. გამოინახა შესაბამისი თანხები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდეს. შეიძლება მასშტაბი დიდი არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველა დეტალს პირვანდელი მდგომარეობა შეუნარჩუნდეს. სამუშაოებს დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ასევე, დაიწყება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობის რეაბილიტაცია. ეს არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. მერის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოხდება მთლიანად შენობის გამაგრება, ჩატარდება კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 25 მილიონი ლარია. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს მტკვრის სანაპიროების რეაბილიტაციის პროექტსაც, რომლის მსგავსიც ჯერ დედაქალაქში არ განხორციელებულა.

„მსგავსი პროექტი დედაქალაქში არ განხორციელებულა, რომლის ფარგლებში, მოხდება დედაენის ბაღის კიდევ უფრო მიახლოება მტკვრის კალაპოტთან. მოიხსნება ჯებირები, მოეწყობა ქვის კიბეები. იქ არსებული მწვანე სივრცე სრულად ადაპტირდება მტკვრის კალაპოტთან. პროექტი უკვე ჩაბარებული გვაქვს და დაახლოებით, ერთ თვეში სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლს, ე.წ. კადეტთა კორპუსს.

„აღნიშნული სახლი ორი ფლიგელისგან შედგება და რთულ მდგომარეობაშია. ეს არის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა და მისი ნახევარი თითქმის ჩამონგრევის პირასაა. მასში დაახლოებით, 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი უკვე გაყვანილია დროებით საცხოვრებლებში, ნაწილი კი ისევ ცხოვრობს. აქაც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი და რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ამასთან, მერის მოადგილის თქმით, თბილისის განვითარების ფონდი განაგრძობს პროექტების განვითარებას, რომელიც დედაქალაქში ერთიან ტურისტულ მარშრუტს შექმნის. ესენია დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

„როგორც იცით, გასულ წელს დავასრულეთ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდების სრული რეაბილიტაცია. 9 მარტისა და დედაენის ბაღები სწორედ ამ ხიდების მიმდებარედ არის განთავსებული. გასულ წელს ამ ორი ბაღის ერთმანეთთან გვირაბით დაკავშირება მოხდა და ერთიან სივრცედ აღიქმება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ბაღების რეაბილიტაციით, დამატებითი ტურისტული მარშრუტი იკვრება. ორივე ბაღის ფართობი, დაახლოებით, 40 000 კვადრატული მეტრია. გარდა დენდროლოგიისა, მოხდება სკეიტპარკების სრული რეაბილიტაცია. ასევე, მოვაჭრეების დახლები ერთიან სივრცეში მოეწყობა. სამუშაოებს დაახლოებით, 17 მილიონი ლარი დასჭირდება და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება გუდიაშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიას, მერის მოადგილის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„სამუშაოებს მიმდინარე წლის ზაფხულში დავიწყებთ, რა დროსაც რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე 22 შენობა-ნაგებობაა, რომელთაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს 20 შენობა ატარებს. პროექტი მზად გვაქვს და 2022 წლის დასაწყისში სამუშაოები სრულად იქნება დამთავრებული“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

  • 14
  •  
  •  
  •  
  •