ბრიტანული პრესის სოლიდარობა კრიტიკულ მედიას – ჯონსონის მთავრობა სკანდალში გაეხვა

ჟურნალისტებმა, კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ბრიფინგს ბოიკოტი გამოუცხადეს

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის სიახლეებს აშუქებენ, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგს ბოიკოტი გამოუცხადეს. მიზეზი პრემიერის მრჩევლების გადაწყვეტილება იყო – არ დაეშვათ პრეს-კონფერენციაზე კრიტიკულად განწყობილი და მემარცხენე გამოცემების წარმომადგენლები.

სამთავრობო ბრიფინგზე, ადმინისტრაციის მიერ მოწვეულ რეპორტიორებს სთხოვეს, რეზიდენციის ვესტიბიულში, ხალიჩის ერთ მხარეს დამდგარიყვნენ (შავი კარის წინ – ნომრით 10, საიდანაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალური განცხადებების გაკეთების დროს გამოდის), დანარჩენ ჟურნალისტებს კი ხალიჩის მეორე მხარეს მიუჩინეს ადგილი. ამას ისიც დაემატა, რომ ღონისძიებაზე, რომელიც ბრექსტთან დაკავშირებით სამთავრობო გეგმებს შეეხებოდა, მხოლოდ ჟურნალისტების ნაწილი მიიწვიეს, დანარჩენებს კი სთხოვეს, შენობა დაეტოვებინათ.

“განდევნილთა” შორის აღმოჩნდნენ ისეთ გამოცემები, როგორიცაა “ინდეფენდენტი”, “ჰაფინგტონ პოსტი” და “მირორი”, რომლებიც თავიანთი მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციით და ჯონსონის კონსერვატორული მთავრობის მიმართ კრიტიკული განწყობით გამოირჩევიან.

პასუხად, პრესის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ბრიფინგზე დაუშვეს, კოლეგებისადმი სოლიდარობის ნიშნად ბოიკოტი გამოაცხადეს და ღონისძიების გაშუქებაზე უარი თქვეს. მათ შორის იყო ბი-ბი-სის პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი, ლორა კუნსბერგი.

მთავრობამ ბრალდებები უარყო. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეზღუდვა არავისზე დაუწესებიათ. მომხდარი კი იმით ახსნეს, რომ “რჩეული” ჟურნალისტების ნაწილი მხოლოდ დამატებითი ბრიფინგის გასაშუქებლად მიიწვიეს.

თუმცა სკანდალი ამით არ დასრულებულა. კომენტატორების ნაწილი ბორის ჯონსონს ისედაც აკრიტიკებს, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზას მიჰყვება: თეთრი სახლი, კარგა ხანია, ცდილობს (ოღონდ, არც თუ წარმატებულად), კრიტიკულად განწყობილ მედიას მის დერეფნებში გადაადგილება შეუზღუდოს. ამასთან, თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციებზე სულ უფრო ხშირად იწვევენ მარგინალური ან ნაკლებადცნობილი გამოცემების წარმომადგენლებს, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს და მათ კითხვის დასმის საშუალებასაც აძლევენ.

ბორის ჯონსონის ურთიერთობა პრესასთან მას შემდეგ გართულდა, რაც ის პრემიერ-მინისტრი გახდა. საარჩევნო კამპანიის დროს, მან უარი თქვა ბი-ბი-სის წამყვან ენდრიუ ნილთან ინტერვიუზე, რომელიც თავისი მწვავე შეკითხვებით გამოირჩევა.

ჟურნალისტები ასევე გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ჯონსონის მთავრობამ პრეს-კონფერენციების ჩატარების ადგილად დაუნინგ სტრიტის 10, პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია განსაზღვრა, რომელიც ვერ იქნება ნეიტრალური ადგილი. ამასთან, როგორც პრესის წარმომადგენლები აცხადებენ, ჯონსონმა თავის მინისტრებს აუკრძალა, ინტერვიუები მისცენ ცალკეულ ტელეარხებსა და გადაცემებს, ასევე, შეხვდნენ ჟურნალისტებს არაფორმალურ გარემოში.

წყარო: BBC

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •