ტრაგედია ბაღდათში – სოციალურად დაუცველი ორსული დედა და 4 ბავშვი ხანძარს ემსხვერპლა

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა. ხანძარი ხის ძველ სახლში გაჩნდა, სადაც სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი ოჯახი ბავშვებთან ერთად იყო შეხიზნული.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა ამ დროისათვის ცეცხლი მთელ სახლში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლმოდებულ სახლში შევიდნენ, მათ ადგილზე თავდაპირველად 5 ადამიანის ცხედარი დახვდათ, მე-6 გარდაცვლილი კი მოგვიანებით იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ბაღდათში ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, რათა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მოხდეს.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია. ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი შემთხვევის დროს მაღაზიაში იყვნენ წასული, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან ხის სახლს ცეცხლი მალე მოედო.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ, ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემდეგ შესახლდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება, რასაც მერიაში უარყოფენ. მერის არჩილ გოქსაძის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ჰქონდა დახმარება შეჩერებული და აღნიშნული თანხა დეკემბერში სრულად დაერიცხა, ამასთან, ისინი მრავალშვილიანობის დახმარებას იღებდნენ.

 

  • 20
  •  
  •  
  •  
  •