ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის დადგენა შესაძლებელი იქნება

ხვალიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოში იქნება შესაძლებელი, – განცხადება ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

გამყრელიძის განცხადებით,  ქართულ მხარეს მოლაპარაკება ჰქონდა პარტნიორებთან და გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს სპეციალურ ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

„მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან ჩვენ, 99,99 პროცენტით,  გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება აუცილებლობა სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ,  სადაც ხორციელდება გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის ახალი კორონავირუსი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რათა დადგინდეს, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს.

ხვალიდან კი, ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ  იქნება და ახალ კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას იძლევა.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ისინი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი, გადაგზავნილია როტერდამში.

  • 22
  •  
  •  
  •  
  •