შოტლანდიას ევროკავშირში დაბრუნება უნდა – დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით

შოტლანდიის ავტონომიის მთავრობის მეთაური, ნიკოლა სტერჟენი აცხადებს, რომ შოტლანდია აუცილებლად დაბრუნდება ევროკავშირში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა გამოსვლები უკვე გაიმართა ედინბურგში, გლაზგოში, დანდსა და სხვა შოტლანდიურ ქალაქებში. მიტინგებში ბრიტანეთის პარლამენტის ის დეპუტატები მონაწილეობდნენ, რომლებიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას წარმოადგენენ. დემონსტრაციების მონაწილეები შოტლანდიას ევროპულ ქვეყანას უწოდებენ და მის ევროკავშირში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ.

2016 წელს გამართულ რეფერენდუმზე შოტლანდიელთა 62%-მა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

ბრექსიტის დღეს, თავის გამოსვლაში სტერჟენმა მომხრეებს მოუწოდა, კანონის ფარგლებში, იბრძოლონ ახალი რეფერენდუმის ჩატარებისთვის, რომელმაც შოტლანდიას დამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს და მოთმინებით აღიჭურვონ.

თუმცა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამგვარ სცენარს გამორიცხავს. ის თვლის, რომ ეს საკითხი 2014 წელს უკვე გადაწყდა, როცა მაშინდელი რეფერენდუმის მონაწილეთა 55%-მა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას დაუჭირა მხარი.

სტერჟენს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ახალი რეფერენდუმის ჩატარება უკვე წელს უნდა. ის ამბობს, რომ შოტლანდიელები ბრექსიტს დიდი მწუხარებით შეხვდნენ.

ბრექსიტის დღეს, შოტლანდიის მთავრობის რეზიდენცია ედინბურგში ევროკავშირის დროშის ფერებში – ლურჯად და ყვითლად განათდა. სამთავრობო შენობებზე კი ისევ რჩება აღმართული ევროკავშირის დროშა.

2020 წლის 31 იანვარს, გაწევრიანებიდან 47 წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.

 

 

 

 

 

  • 12
  •  
  •  
  •  
  •