სემ მენდესის “1917” BAFTA-ს გამარჯვებული გახდა

ლონდონში, ბრიტანეთის კინო და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის – BAFTA 73-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ტრიუმფატორი რეჟისორ სემ მენდესის სამხედრო დრამა – “1917” აღმოჩნდა.

ფილმმა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ორი ბრიტანელი ჯარისკაცის ისტორიას მოგვითხრობს, ნომინირებული ცხრა კატეგორიიდან შვიდში გაიმარჯვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ვიზუალური ეფექტების და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ნომინაციებში.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ ფილმზე მეტ, 11 ნომინაციაში წარდგენილი იყო რეჟისორ ტოდ ფილიპსის ფილმი – “ჯოკერი”, 10 კატეგორიაში კი – კვენტინ ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდში”.  აქედან, “ჯოკერმა” სამი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ამ ნომინაციის გამარჯვებული ხოაკინ ფენიქსი გახდა.

ბრედ პიტს კი ჯილდო, ფილმში – “ერთხელ ჰოლივუდში” მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა.

ნომიმაციაში – “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი” გამარჯვებული კორეელი რეჟისორის, პონ ჩჟუნ ჰოს “პარაზიტები” გახდა. მანვე მიიღო პრიზი “საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის”.

საუკეთესო ქალ მსახიობად რენე ზელვეგერი აღიარეს (ფილმში “ჯუდი”).

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი პრიზი ლორა დერნს გადაეცა, ფილმისთვის “ქორწინების ისტორია”.

იანვრის დასაწყისში, სემ მენდესის ფილმმა “1917” “ოქროს გლობუსის” მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა. მოგვიანებით, ამერიკის პროდიუსერთა გილდიამ ის ასევე აღიარა საუკეთესო ფილმად. მენდესის ფილმი წარდგენილია “ოსკარის” 9 ნომინაციაზე. “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.

“1917” მენდესის ერთადერთი ფილმია, რომელიც მან საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო. როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ფილმს საფუძვლად დაედო ბიძამისის – პირველი მსოფლიო ომის ვეტერანის, ალფრედ მენდესის მონათხრობი.

დრამის სიუჟეტი საფრანგეთში ვითარდება. ორი ახალგაზრდა კაპრალი, ომის დროს, დავალებას იღებს – გადაკვეთოს მტრის საზღვარი და გადასცეს თანამებრძოლებს საიდუმლო შეტყობინება, რითაც ათასობით ჯარისკაცს სიკვდილისგან იხსნის.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ 27 წლის ჯორჯ მაკეი და 22 წლის დინ-ჩარლზ ჩეპმენი, რომელმაც პოპულარობა საკულტო სერიალ “სამეფო კარის თამაშებში” ტომენ ბარათეონის როლით მოიპოვა.

თავად სემ მენდესი იყო რეჟისორი პოპულარული ფილმების – “ჯეიმს ბონდი” და “ამერიკული სილამაზე”.

წყარო: BBC

  • 2
  •  
  •  
  •  
  •