“ლელო საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მიუღებლად მიიჩნევს ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების და რიგი ჯგუფების მხრიდან, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისა და ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების დაუსაბუთებელ კრიტიკასა და დისკრედიტაციის მცდელობას, როგორებიცაა NDI და IRI; ეს ქვეყნები და ორგანიზაციები წლებია გვეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება მათთან თანამშრომლობის ნაცვლად, კონფრონტაციას ირჩევს. სავალალოა, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების დასაცავად, ხელისუფლება არ ერიდება საქართველოს მეგობრებზე თავდასხმას და ამ პროცესში თანდათან კარგავს დემოკრატიული სახელმწიფოს სახეს. დღეს, საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება მეგობრების დახმარება, რათა შეინარჩუნოს თავისუფლების ის ხარისხი, რომლის პირობებშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის ბედი, მათ შორის – აირჩიონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი და ყველა მომდევნო ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ემსახურება არა ერთი რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •