საქართველოში აშშ-ს საგანგებო ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დაამტკიცა. კენჭისყრა 2019 წლის 19 დეკემბერს გაიმართა.

კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ბოლოს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მოღვაწეობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •