ჯარიმა 52,4 მილიონი ევრო და საპატიმრო სასჯელი – პიკასოს ნახატის ესპანეთიდან გატანის მცდელობისთვის, მისი მეპატრონე დააკავეს

მადრიდის სასამართლომ 83 წლის მილიარდელსა და ექს-ბანკირს ჰაიმე ბოტინს 18 თვის ვადით პატიმრობა და 52,4 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რადგან ის პიკასოს ნახატის ესპანეთიდან გატანას და ლონდონის აუქციონზე გაყიდვას ცდილობდა.

პაბლო პიკასოს ნახატი – “ახალგაზრდა გოგონას თავი” მილიარდელის იახტაზე, საფრანგეთის კორსიკის პორტში, 2015 წელს აღმოაჩინეს.

მართალია, ამ ნახატის მეპატრონე თავად ბოტინია, მაგრამ პიკასოს შედევრი რამდენიმე წლის წინ ესპანეთის ეროვნულ საგანძურად აღიარეს, ამიტომ მისი გატანა სამეფოს ფარგლებს გარეთ აკრძალულია.

სასამართლომ ასევე დაადგინა, მოხდეს ნახატის კონფისკაცია და ის სახელმწიფოს გადაეცეს. მილიარდელს აპელაციის უფლება აქვს.

ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხელოვნების ნებისმიერი ქმნილება, რომლის ასაკი 100 წელს აღემატება და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეროვნულ საგანძურად ცხადდება, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის კერძო საკუთრებაში. თუ მეპატრონეს მათი ქვეყნიდან გატანა სურს, ესპანეთის კულტურის სამინისტროდან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს.

ბოტინმა ეს ნახატი ლონდონში, 1977 წელს შეიძინა. მას უარი ჰქონდა მიღებული თხოვნაზე, გაეტანა ნახატი ესპანეთის ფარგლებს გარეთ.

ბრალი მილიადელს 2017 წელს წარუდგინეს. პროკურატურა 4 წლის ვადით პატიმრობის შეფარდებას და 100 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმას ითხოვდა.

სასამართლოში ბოტინი ამტკიცებდა, რომ ნახატის გადატანა მას ჟენევაში უნდოდა, შენახვის მიზნით.

მადრიდის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, მილარდელი ლონდონის Christie’s აუქციონზე გააფრთხილეს, რომ ნახატის ლონდონში გასაყიდად ესპანეთის ხელისუფლების ნებართვა სჭირდებოდა. ამის მიუხედავად, ბოტინმა ნახატი ვალენსიის პორტში მიიტანა და საკუთარი იახტის კაპიტანს უბრძანა, საგულდაგულოდ დაემალა ის.

იახტა კორსიკაში გაჩერდა, სადაც ფრანგმა მესაზღვრეებმა კაპიტნის კაპიტაში პიკასოს შედევრი აღმოაჩინეს.

პაბლო პიკასომ “ახალგაზრდა ქალის თავი” 1906 წელს დახატა, როდესაც ის კატალონიური ფერწერის და პირინეის ნახევარკუნძულის მხატვრობის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ნახატის ამჟამინდელი ღირებულება 26 მილიონი ევროა. ის ახლა მადრიდში, დედოფალ სოფიას ხელოვნების ცენტრში ინახება.

ხაიმე ბოტინი Santander ბანკის დამფუძნებლის შვილიშვილია. 2004 წლამდე ის ამ ბანკის მმართველის მაოდგილე იყო.

მას, ალბათ, საპატიმროში წასვლა არ მოუწევს, რადგან ესპანეთში, როგორც წესი, 2 წელიწადზე ნაკლები ვადით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ბრალდებული პირობით სასჯელს იხდის. თანაც, მის ასაკს ყოველთვის ითვალისწინებენ.

თუმცა, ის უკვე დაიკითხა სასამართლოში, ბრალდებულის სახით, კიდევ ერთ საქმეზე, რაც გადასახადებისთვის თავის არიდებას ეხება. საუბარია მილიონ ევროზე, რისთვისაც მას, შესაძლოა, ასევე 2 წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.

 

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •