პრინცი ჰარი და მეგანი სამეფო ვალდებულებებზე უარს ამბობენ

“ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ სამეფო ვალდებულებებზე უარს ამბობენ და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე იზრუნებენ.

ისინი ერთდროულად ორ სახლში იცხოვრებენ – ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. პრინცი ჰარი და მეგანი აპირებენ “ახალი, პროგრესული როლი შეასრულონ მონარქიის ინსტიტუტში”. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდხნიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მიიღეს.

მანამდე, ტახტის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის უმცროსი ვაჟი და მისი მეუღლე საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მათთვის ძნელი იყო, მუდმივად საჯარო ყურადღების ცენტრში ყოფნა.

“ორ კონტინენტზე ცხოვრება მოგვცემს შესაძლებლობას, აღვზარდოთ ჩვენი ვაჟი ისე, რომ პატივს სცემდეს სამეფო ტრადიციებს, რაც მას მემკვიდრეობით ერგო და ამავდროულად, გააფართოვებს ჩვენი ოჯახის პირად სივრცეს. ამით ჩვენ გვექნება საშუალება, ვკონცენტრირდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საქველმოქმედო ფონდის შექმნა იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ პრინც ჰარისთან და მეგანთან მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაშია. “ჩვენ გვესმის მათი სურვილი, იარონ საკუთარი გზით. მაგრამ ამ საკითხების გადაჭრა არც ისე იოლია და დროს საჭიროებს”, – ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.

წყარო: BBC

  • 26
  •  
  •  
  •  
  •