ირანი: უკრაინული ლაინერი აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა

კატასტროფის ზუსტი მიზეზები ჯერ ისევ დაუდგენელია

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავი, რომელმაც გასულ ოთხშაბათს ავიაკატასტროფა განიცადა, აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა, – ნათქვამია ირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ დასკვნაში.

ავიალაინერი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 176 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

“თვითმფრინავს, რომელიც თავდაპირველად დასავლეთისკენ მიდიოდა, პრობლემა შეექმნა, რის გამოც მან მარჯვნივ აიღო გეზი და აეროპორტში დაბრუნებას აპირებდა”, – განუცხადა სააგენტოს დირექტორმა, ალი აბეძადემ ირანულ საინფორმაციო სააგენტო “ტასმინს”. მისი თქმით, პილოტს არ უცნობებია დისპეჩერისთვის ბორტზე შექმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ.

სააგენტოში თვლიან, რომ ავიალაინერის კატასტროფა ხანძარმა გამოიწვია: თვითმხილველები ამბობენ, რომ, ჩამოვარდნის დროს, თვითმფრინავი იწვოდა. თუმცა, რის გამო გაჩნდა ცეცხლი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

გამოძიება “შავი ყუთის” მასალებს სწავლობს. ირანში უკვე იმყოფებიან უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც კატასტროფის მიზეზებს ადგილობრივებთან ერთად იკვლევენ.

პირველადი გამოძიების შედეგები უკვე გადაეგზავნა აშშ-ს, რომელიც აღნიშნული ხომალდის მწარმოებელი ქვეყანაა, ასევე, უკრაინას, შვეციასა და კანადას, რომელთა მოქალაქეებიც კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა მედიასთან ავიალაინერის ჩამოვარდნის ძირითად ვერსიებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსიაა საზენიტო რაკეტის შეჯახება თვითმფრინავთან. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია რუსული საზენიტო რაკეტის ნამსხვრევები, რისი ამსახველი ფოტომასალაც სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა.

დანილოვის თქმით, გამოძიება სხვა ვერსიებსაც განიხილავს, როგორიცაა: ავიახომალდის შეჯახება სხვა ობიექტთან; ტექნიკური მიზეზებით ძრავის აფეთქება; ასევე, აფეთქება ხომალდის ბორტზე.

საავიაციო ექსპერტების უმეტესობა იმ აზრს ემხრობა, რომ კატასტროფა ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.

თავდაპირველი ვერსია, რომელზეც ირანის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ქასემ ნიზამი საუბრობდა, ძრავის დაზიანება იყო. კანადის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სააგენტო “როიტერს” განუცხადეს, რომ არსებობდა ძრავის გადახურების ალბათობა. თუმცა, ექსპერტების თქმით, ისეთ ბოინგს, როგორიცაა 737-800, ფრენის გაგრძელება ძრავის დაზიანების შემთხვევაშიც შეუძლია. მათი თქმით, თუკი ერთ-ერთი ძრავი ფრენის დროს დაზიანდა, მას საწვავის მიწოდება ავტომატურად უწყდება და ხომალდი ფრენას მეორე ძრავით აგრძელებს.

ამასთან, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლა ექსპერტებს იმის დადასტურებულად თქმის შესაძლებლობას არ აძლევს, რომ ლაინერი ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 9 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა. “ფეისბუქზე” გაკეთებულ ვიდეომიმართვაში მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დასძინა, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი მანიპულაციებისგან, ნააადრევი კატეგორიული დასკვნების გაკეთებისა და მცდარი ვერსიების გავრცელებისგან. “ჩვენ გვჭირდება მოთმინება, გამძლეობა და გონიერება”, – თქვა ზელენსკიმ.

გლოვა გამოცხადდა კანადაშიც: ავიაკატასტროფის შედეგად, ამ ქვეყნის 63 მოქალაქე დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა კატასტროფის მიზეზები ბოლომდე იქნას შესწავლილი.

გასულ ოთხშაბათს, დილით მომხდარ ავიაკატასტროფას 7 ქვეყნის მოქალაქეები შეეწირნენ: 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი – მათ შორის იყო მთელი ეკიპაჟი, 10 შვედი, 4 ავღანელი, 3 ბრიტანელი და 3 გერმანელი.

ფოტოები: AFP, GETTY IMAGES.

 

 

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •