ომი თუ მშვიდობა – რა უპასუხა ტრამპმა ირანის თავდასხმას

მკაცრი ეკონომიკური სანქციები საომარი ქმედების ნაცვლად - აშშ გადაწყვეტილებას იღებს

დონალდ ტრამპის მიმართვას ამერიკელი ნაციისადმი მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში სულმოუთქმენლად ელოდა: რა იქნება აშშ-ის პასუხი ირანის საჰაერო თავდასხმაზე, რაც, თავის მხრივ, თეირანის საპასუხო ქმედება იყო ერაყში გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ.

მაშ ასე, მთავარი გზავნილები, რომლებიც თავის 10 წუთიან გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა გააჟღერა:

“სანამ პრეზიდენტი ვარ, ირანი ვერასდროს იქნება ბირთვული სახელმწიფო”, – ეს იყო პირველი წინადადება, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ მისალმებამდე თქვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, საბედნიეროდ, ირანის მხრიდან ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა. “ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და მხოლოდ სამხედრო ბაზებს მიადგა მინიმალური ზიანი”, – დასძინა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც გასულ კვირას ერაყში მისი ბრძანებით მოკლეს, იყო “მთავარი ტერორისტი მსოფლიოში”: “ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, “ჰესბოლას” ჩათვლით, რომელთა მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ის არის დამნაშავე ათასობით ამერიკელის სიკვდილსა და დაშავებაში. იგი გეგმავდა ამერიკელებზე ახალ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ”. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაუყოვლებლივ დააწესებს ახალ, მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. “ეს სანქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ირანი თავის ქცევას არ შეცვლის”, – აღნიშნა მან.

ტრამპმა ასევე მიმართა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების დანარჩენ მონაწილეებს, მათ შორის, საფრანგეთს, გერმანიას, დიდი ბრიტანეთსა და ჩინეთს, აშშ-ის მსგავსად, დატოვონ ეს “არაეფექტური გარიგება”: “ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ ამბიციებზე და შეწყვიტოს ტერორიზმის მხარდაჭერა. ჩვენ ამას ერთად უნდა მივხედოთ, რათა მსოფლიო უფრო უსაფრთხო და მშვიდი იყოს”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან, ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი პრეზიდენტობის დროს, აშშ-მ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწია. “ჩვენ ახლა ნომერ პირველი მწარმოებელი ვართ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და არ გვჭირდება ახლო აღმოსავლეთის ნავთობი”, – განაცხადა ტრამპმა.

10 წუთიანი გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელი ხალხისადმი მიმართვით დაასრულა: “მივმართავ ირანელ ხალხს და მათ ლიდერებს! ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გქონდეთ მომავალი და თანაც, ძალიან კარგი მომავალი – ისეთი, როგორსაც იმსახურებთ. გისურვებთ კეთილდღეობას შინ და ჰარმონიულ თანაცხოვრებას მსოფლიოს დანარჩენ ერებთან, – თქვა ტრამპმა და დასძინა, –  ჩვენ კი მზად ვართ, დავეხმაროთ მშვიდობის დამყარებაში, ვისაც ეს სჭირდება”. 

აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

 

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •