ირანმა ბირთვული შეთანხმება დატოვა

თეირანი ვაშინგტონს შეიარაღებული თავდასხმით ემუქრება

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ბოლო შეზღუდვებზე, რომლებსაც ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებს. ეს შეთანხმება 2015 წელს, თეირანსა და 6 საერთაშორისო შუამავალს (აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი) შორის გაფორმდა.

თეირანი აცხადებს, რომ ვალდებულებების შესრულებას სანქციების მოხსნის შემთხვევაში დაუბრუნდება. ის, ასევე, თავის გადაწყვეტილებას პირდაპირ უკავშირებს გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობას.

“ირანი საბოლოოდ იტყვის უარს ბირთვულ შეთანხმებაში დაწესებულ შეზღუდვებზე, განსაკუთრებით, მათზე, რომლებიც ცენტრიფუგების რაოდენობას ეხება. ამრიგად, ირანის ბირთვულ პროგრამას არანაირი შეზღუდვა არ ექნება წარმოების მხრივ, ასევე, ამ სფეროში კვლევებისა და პროგრამის სამომავლო განვითარების კუთხით”, – ნათქვამია სამთავრობო განცხადებაში.

ირანის ხელისუფლება დასძენს, რომ მაგატე-სთან თანამშრომლობას გააგრძელებს და ბირთვული შეთანხმების თანახმად, თავისი მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდება, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება და მისი ინტერესები გათვალისწინებული იქნება.

ამას გარდა, როგორც ირანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ განაცხადა, თეირანს სურს, რომ აშშ-მ პასუხი აგოს გენერლის მკვლელობის გამო.

ბოლო დღეების განმავლობაში, თეირანი და ვაშინგტონი ერთმანეთს რამდენჯერმე დაემუქრნენ.

კვირას, ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის სამხედრო მრჩეველმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჰოსეინ დეგანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანი ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანას აპირებს.

“ომი ამერიკამ დაიწყო. ამიტომ ის მზად უნდა იყოს, რომ მის ქმედებებზე ადეკვატურ რეაქციას მიიღებს – ეს იქნება საპასუხო დარტყმა ამერიკელებზე”, – განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ირანს არასდროს სურდა და არც ახლა სურს ომი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი თეირანი ამერიკელებს თავს დაესხმება, ვაშინგტონი ირანს “ელვისებურ და ძალზე ძლიერ” დარტყმას მიაყენებს. მისი თქმით, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს 52 ირანული ობიექტი სამიზნეში აქვთ ამოღებული და მათ უახლესი სამხედრო ტექნიკის გამოყენებით გაანადგურებენ.

ე.წ. ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის თანახმად, თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლას და ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდა. 2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გადის და ირანს სანქციები განუახლა. ამის შემდეგ, თეირანმა ნელ-ნელა დაიწყო თავისი ვალდებულებების გადახედვა. 

შეთანხმების მეხუთე და ბოლო ეტაპი ცენტრიფუგების საკითხია. თეირანმა მას მთავარი შეზღუდვა უწოდა და განაცხადა, რომ აღარ აპირებს, გაითვალისწინოს არც ეს და არც დანარჩენი შეზღუდვები. 

 

 

 

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •