CIA-ის ყველაზე ახალგაზრდა აგენტი ქალის აღიარება

ვინ არის ამარილეს ფოქსი - რეალური კერი მეტისონი ამერიკული დაზვერვიდან

ახლა, როცა მსოფლიო “სამშობლოს” ფინალურ სეზონს და ამერიკული დაზვერვის გამოგონილი აგენტის, კერი მეტისონის ისტორიის გაგრძელებას ელოდება, ბი-ბი-სი CIA-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ნამდვილ აგენტ – ამარილეს ფოქსთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

ვინ არის ქალი, რომელიც CIA-ის ყველაზე ახალგაზრდა, ფარული თანამშრომელი იყო და როგორია მისი ცხოვრება დღეს?!

ამარილეს ფოქსი CIA-ის აგენტი 21 წლის ასაკში გახდა. ის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღით მოვაჭრეთა ქსელში ჩანერგეს.

მზვერავებმა მას ყურადღება რამდენიმე წლით ადრე მიაქციეს, როდესაც ამარილესმა ბირმაში ჩასვლა და შიდაპატიმრობაში მყოფ აუნ სან სუ ჩჟისთან ინტერვიუს აღება მოახერხა. დღეს აუნ სან სუ ჩჟის, რომელიც მიანმას (ბირმის) ფაქტობრივი მმართველია, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე გამოსვლა და გენოციდის ბრალდებისგან თავის დაცვა უწევს. ოდესღაც კი იგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი და ნობელის პრემიის ლაურეატი იყო.

BBC-ისთან ინტერვიუში ამარილესმა გულახდილად ისაუბრა მისი, როგორც ფარული აგენტის ცხოვრების შესახებ.

ტაილანდი

1999 წელს ამარილესი 18 წლის იყო. მან ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. თუმცა, თითქმის მაშინვე  ერთწლიანი აკადემიური შვებულება აიღო და ტაილანდში, ბირმელი ლტოლვილების დასახმარებლად წავიდა. იმ დროს, ბირმას სამხედრო რეჟიმი მართავდა.

“ავიღე ფული, რომელიც დედამ გამოსაშვებ საღამოზე კაბის საყიდლად მომცა, ტურისტულ სააგენტოში წავედი და ტაილანდში გასამგზავრებელი ბილეთი ვიყიდე”, – ჰყვება ამარილესი.

ტაილანდში ჩასვლის შემდეგ, ის ბირმის საზღვართან მივიდა და ლტოლვილთა ბანაკში მუშაობა დაიწყო. აქ იგი აუნ სან სუ ჩჟის რამდენიმე მომხრეს დაუახლოვდა, რომლებმაც მას უთხრეს, რომ ქვეყანაში მალე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყებოდა. ცხადია, ამის შესახებ ბირმის სამხედრო რეჟიმმაც იცოდა.

“მათ შეწყვიტეს ტურისტული და სტუდენტური ვიზების გაცემა. ქვეყანაში მოხვედრა მხოლოდ საქმიანი ვიზიტით შეიძლებოდა: ბირმის ეკონომიკა ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ სამხედროები უცხოურ ინვესტიციებზე უარს ვერაფრით იტყოდნენ”, – იხსენებს ამარილესი.

მაგრამ 18 წლის გოგონა არაფრით ჰგავდა ბიზნეს-ლედის, რომელსაც ბირმის ეკონომიკაში ფული უნდა დაებანდებინა. არადა, მის ახალ ნაცნობებს ბანაკიდან, რომლებმაც იცოდნენ, რომ სამხედროები საპროტესტო ტალღას, 1988 წლის მოვლენების მსგავსად, სასტიკად ჩაახშობდნენ, ყოველივე ამის ფირზე აღბეჭდვა უნდოდათ. ისე, რომ დიდხანს არ უფიქრია, ამარილესმა ბირმაში წასვლა და საპროტესტო გამოსვლების გადაღება გადაწყვიტა. თუმცა ეს სათქმელად უფრო იოლი ჩანდა, ვიდრე შესასრულებლად.

ბირმაში შეღწევა

ცოტა ხნის შემდეგ, ამარილესი ლონდონში, მოძრაობა “თავისუფალი ბირმის” კონფერენციაზე მოხვდა, სადაც მომხიბლავი ადამიანი, სახელად დარელი გაიცნო. დარელი 40 წლის მამაკაცი იყო, ვიდეოკამერით გადაღება იცოდა და საინვესტიციო ბანკში მუშაობდა, რომელსაც ბირმასთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. დარელს არ მოსწონდა ამგვარი ინვესტიციების ეთიკური მხარე, ამიტომ იგი ამარილესის მოულოდნელ წინადადებას დათანხმდა: გაეფორმებინა ფიქტიური ქორწინება, რათა წყვილი ბირმაში, “თაფლობის თვის” გასატარებლად, სამსახურებრივი ვიზით ჩასულიყო.

დარელი ტაილანდში ჩაფრინდა. მათ უკვე ჰქონდათ ქორწინების ყალბი მოწმობა და ვეებერთელა ქვაბების ნაკრები – ამ ქვაბებში ფირების დამალვას აპირებდნენ. ბირმის საელჩოში მცირე მათ ოჯახური სცენაც გაითამაშეს, ვიზები მიიღეს და ბირმაში გაფრინდნენ.

საპროტესტო გამოსვლების გადაღება წყვილმა ვერ შეძლო: ოპოზიციამ დემონსტრაციები მმართველი რეჟიმის მხრიდან მოსალოდნელი სასტიკი ანგარიშსწორების გამო გადადო. სამაგიეროდ, მათ შეძლეს, ინტერვიუ ჩაეწერათ დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერთან – აუნ სან სუ ჩჟისთან, რომელიც შიდაპატიმრობაში იმყოფებოდა.

დროდადრო აუნ სან სუ ჩჟი ჭიშკართან გადიოდა და იქ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავდა. თუმცა ჭიშკრის მიღმა მისი ხმა, უკვე მრავალი წელია, არავის გაეგო.

ფირისგან დამზადებული ტამპონი

1999 წლის 15 სექტემბერს, დილით ადრე, ამარილესი და დარელი აუნ სან სუ ჩჟის შეხვდნენ და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს – ოპოზიციის ლიდერი თავის მომხრეებს მიმართავდა. ახლა ამ ჩანაწერის ქვეყნიდან გატანა იყო საჭირო.

აუნ სან სუ ჩჟი გამოცდილი კონსპირატორი აღმოჩნდა: მან ამარილესს ურჩია, ქვაბებში რაიმე უმნიშვნელო ფირები შეენახა. “როდესაც გაგჩხრეკენ, ამ ფირებს ნახავენ და გადაწყვეტენ, რომ მეტი არაფერი გაქვთ, – უთხრა მან, – ის ფირი კი, რომლის გატანაც ნამდვილად გინდათ, სხვაგან უნდა დამალოთ”.

“მან ფირი ისე დაახვია, როგორც ქალის ჰიგიენური ტამპონი და მიჩვენა, სად იყო სააბაზანო,” – იხსენებს ამარილესი.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც აუნ სან სუ ჩჟიმ იწინასწარმეტყველა: ქვეყნის დატოვების დროს, აეროპორტში მესაზღვრეებმა ყალბი ფირები იპოვეს, ამარილესის ინტიმური ადგილები კი არავის შეუმოწმებია.

გოგონამ ფირი ინტერვიუთი ბანკოგში, BBC-ის ოფისში მიიტანა, საიდანაც მისი ტრანსლირება მოკლეტალღოვანი სიგნალებით ბირმის ტერიტორიაზე განახორციელეს.

1999 წელს აუნ სან სუ ჩჟის შეუბღალავი მორალური ავტორიტეტი და მსოფლიო აღიარება ჰქონდა. მასთან შეხვედრამ ახალგაზრდა სტუდენტზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

“ჩემს წინ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ქალი იდგა, რომლის შინაგანმა ძალამ და შეუპოვრობამ სამხედრო რეჟიმი ბოლოს მაინც დაამარცხა, – ჰყვება ამარილესი, – ფიქრი იმაზე, რომ უკვე არსებობს სიმართლე და ეს სიმართლე, შეგიძლია, საკუთარი სხეულით გაიტანო, გადალახო მთელი ეს ბარიერები და აჩვენო მსოფლიოს, ჩემთვის ძალიან მომხიბლავი იდეა იყო”.

ამარილესი ოქსფორდში დაბრუნდა. მას იქ ჯერ ბრიტანული, შემდეგ კი ამერიკული დაზვერვა დაუკავშირდა. ასე დაიწყო მან მუშაობა საიდუმლო სამსახურში და შეძლო, ფარულად შეეღწია მასობრივი განადგურების იარაღით უკანონოდ მოვაჭრეთა ქსელში, რომლებიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

“არ გინდათ, ჩვენთვის იმუშაოთ?”

ტერორისტულ აქტებთან შეხება ამარილესს ძალიან ადრე მოუხდა – მაშინ ის მხოლოდ 8 წლის იყო.

“ჩემი საუკეთესო მეგობარი ლორა, დასთან და მშობლებთან ერთად, სწორედ იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა, ლოკერბის თავზე. მახსოვს, დედამ თქვა: კარგია, რომ მთელი ოჯახი ერთად იყო – ვეღარავინ იდარდებს მარტო. მამამ კი მითხრა, რომ თუ მე ვერ გავიგებდი, რა ძალებმა წამართვეს მეგობარი, ვერასდროს შევეგუებოდი ამ დანაკარგს და გაზეთი მომაწოდა. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, – ამბობს ამარილესი, – ვფიქრობ, როდესაც ვამჯობინებთ, არ გავიგოთ ნამდვილი ადამიანური მოტივები, რის გამოც ისინი ასეთ საშინელებებს სჩადიან, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ შეჩერებას.”

მუშაობის დროს ამარილესი ყოველთვის ცდილობდა, შეეტყო იმ ადამიანების ნამდვილი მოტივები, ვის შეჩერებასაც ცდილობდა.

თავდაპირველად, ის ფარულ აგენტად მუშაობას არ აპირებდა. ოქსფორდში ამარილესი თეოლოგიას და საერთაშორისო სამართალს სწავლობდა. მას უნდოდა, ჟურნალისტი გამხდარიყო. ამიტომ ბრიტანულ სპეცსამსახურებთან მოულოდნელ კომუნიკაციას მაინდამაინც დიდი ინტერესით არ შეხვედრია.

ადამიანებმა, რომლებსაც ამარილესი ოქსფორდის ცენტრში, პაბში ესაუბრა, მისი ბირმული თავგადასავლის შესახებ იცოდნენ და მათთან მუშაობა შესთავაზეს. თუმცა, კონკრეტულად არ უთქვამთ, ვისთვის უნდა ემუშავა.

“მე მათ ვუპასუხე, რომ ინფექციის საუკეთესო წამლად სინათლე მიმაჩნია და ამიტომ, ჟურნალისტობა მინდა, რათა ეს ისტორიები, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს ვუამბო, – იხსენებს ამარილესი, – ხოლო ლაბადიანი და ხმლიანი რაინდების მე არ მჯერა”.

ალბათ, ამით დამთავრდებოდა კიდეც გოგონას შეხება აგენტების სამყაროსთან, რომ არა 2001 წლის 11 სექტემბერი.

ამ დროს, ამარილესს უკვე დამთავრდებული ჰქონდა ოქსოფრდი და სწავლის გასაგრძელებლად, შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. აქ ის უკვე ამერიკულ დაზვერვას შეხვდა.

გარდამტეხი მომენტი

” CIA-ის აგენტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში – არ ვიცოდი, თუ ასეთები არსებობენ, – მშვენიერი ადამიანი აღმოჩნდა. ვერასდროს გამოვიცნობდი, ვინ იყო ის სინამდვილეში: მას სანტა კლაუსივით წვერი ჰქონდა და გაქრობის წინაშე მდგარი ჩრდილოამერიკელი ინდიელების სამი ენა იცოდა, – ჰყვება ამარილესი, – სამსახურში ის მდინარე პოტომაკით, ინდიელების კანოეთი მოდიოდა. ასეთი რამ დღეს უკვე წარმოუდგენელია. ის ძალიან აკადემიური ადამიანი იყო და მზვერავს ყველაზე ნაკლებად ჰგავდა – როგორიც წარმოგვიდგენია, საერთოდ, მზვერავები”.

გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში 11 სექტემბერი გახდა. ამ დღემ ამარილესს ლორა გაახსენა და შეეცადა, გაეგო, რა აიძულებს ადამიანს, თვითმფრინავი ცათამბრჯენს დააჯახოს.

ჯორჯთაუნში ამარილესი მუშაობდა ალგორითმზე, რომელსაც უნდა გამოეცნო, რომელი ადგილები შეიძლება გამხდარიყო ტერორისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი.

“ეს ლორას სიკვდილის შემდეგ გაზეთის კითხვას ჰგავდა, – ამბობს ამარილესი, – თუმცა უკვე სხვა ასაკში ვიყავი. ეს იყო მცდელობა, გამეგო, რა იყო ტერორიზმი”.

ამარილესმა შეაგროვა ინფორმაცია ბოლო ასწლეულების მანძილზე მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებ და შეეცადა, მათ შორის უხილავი კავშირები დაედგინა.

თავდაპირველად, ალგორითმი ძალიან პრიმიტიული იყო, მაგრამ დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებამ ამარილესს შესაძლებლობა მისცა, გამოეთვალა კოეფიციენტები, რომლებიც აჩვენებდნენ, რამდენად საშიში იყო მსოფლიოს ესა თუ ის რეგიონი ტერორისტული საფრთხეების კუთხით.

“ჩემი გამოთვლები სწორი აღმოჩნდა, – აღნიშნავს ამარილესი, – თუმცა არ მგონია, რომ ყველა მონაცემის გათვალისწინება შეიძლება. ეს ფენა საკმაოდ სწრაფად განიცდის ევოლუციას”.

ოჯახური მდგომარეობა

ამარილესის ნაშრომმა CIA დააინტერესა. რეზიდენტმა უნივერსიტეტიდან მას შეხვედრა სთხოვა და ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა თავის სამუშაოს დასრულებულად.

“მე ვუთხარი, რომ ყველა ის წყარო, რაც ჯორჯთაუნში ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო, უკვე ათვისებული მქონდა, – იხსენებს ამარილესი, – თუმცა გავესაუბრებოდი ადამიანს, რომელიც აპირებს, ხვალ დილით ადგეს და მშვიდობიანი მოსახლეობა ააფეთქოს. მას ვკითხავდი, რისთვის აკეთებს ამას”.

ამის გაგება კი CIA-საც სიამოვნებით ენდომებოდა. ამარილესმა მათ დაუჯერა და დაზვერვაში მუშაობა დაიწყო.

და დაიწყო ტყუილებიც მის ცხოვრებაში. მას, ძველებურად, სტუდენტად უნდა მოეჩვენებინა ყველასთვის თავი. სამსახურზე ვერასდროს დაელაპარაკებოდა მშობლებსა და მეგობრებს.

“ძალიან მარტოსული ვიყავი, – იხსენებს იგი, – ეს სამუშაოს ის ნაწილია, რომელსაც მზვერავებზე გადაღებულ ფილმებში ვერასდროს ნახავთ”.

ცალკე პრობლემა იყო ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ენტონი. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ ოქსფორდში გაიცნეს და ურთიერთობას აგრძელებდნენ. ამარილესს კი უნდა შეეწყვიტა ამგვარი ურთიერთობა – მით უფრო, ენტონი უცხოელი იყო.

მეორე ვარიანტი იყო, მას ცოლად გაჰყოლოდა. ეს ენტონის, როგორც კანონიერი მეუღლის, საშვი იქნებოდა ამარილესის მომავალ ცხოვრებაში.

თუმცა, CIA-ის აგენტს არ შეეძლო, ამდგარიყო და ასე მარტივად დაქორწინებულიყო – მანამდე ხანგრძლივი შესწავლის პროცედურა იყო გასავლელი, რჩეულის კანდიდატურის დასამტკიცებლად.

“იმ დროს, CIA ძველმოდური ორგანიზაცია იყო. ან ქორწინება, ან არავითარი ურთიერთობა, – ამბობს ამარილესი, – მე კი მხოლოდ 22 წლის ვიყავი. მე ის, რა თქმა უნდა, მიყვარდა, მაგრამ ქორწინებაზე არც ერთი არ ვფიქრობდით. მისთვის იმის ახსნაც კი არ შემეძლო, რატომ უნდა გვეჩქარა ასე”.

ენტონი ვაშინგტონში ჩაფრინდა. აეროპორტიდან ის პირდაპირ წაიყვანეს რაღაც შენობაში, რომელსაც წარწერაც კი არ ჰქონდა და დასვეს ოთახში, სადაც ამარილესი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ორი აგენტი იმყოფებოდა. აქ მას აუხსნეს, რომ მისი რჩეული დაზვერვის აგენტია და მან პოლიგრაფზე ტესტი უნდა გაიაროს.

საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ამარილესი და ენტონი დაქორწინდნენ და გოგონაც სამსახურს დაუბრუნდა.

იმ დროს, ამარილესის სამუშაოს მძევლად აყვანილების ვიდეოჩანაწერების, ზოგჯერ კი – მათი სიკვდილით დასჯის ყურება წარმოადგენდა. ეკრანი კვადრატებად იყო დაყოფილი და ამარილესი, კოლეგებთან ერთად, თითოეულ ჩანაწერს მრავალჯერ უყურებდა, რათა ეპოვა რაიმე მინიშნება, რომელიც იმაზე მიუთითებდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ვიდეო ჩაწერილი.

“იმ წუთებში მე არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება, – იხსენებს ამარილესი, – პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ადამიანები პირისაგან მიწისგან უნდა აღგვეგავა.”

სამუშაო დამღლელი იყო. თავისი გრძნობების გაზიარება კი ამარილესს მეუღლისთვისაც არ შეეძლო. შემდეგ ის, ნახევარი წლით, კურსებზე გაუშვეს და ქორწინებაც დაინგრა.

საიდუმლო სამსახური  

კურსების დასრულების შემდეგ, ამარილესი დაზვერვის საიდუმლო თანამშრომელი გახდა – ოფიციალური სტატუსის გარეშე. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას, ჩავარდნის შემთხვევაში, ვერც დიპლომატები დაეხმარებოდნენ, CIA კი მასზე საერთოდ უარს იტყოდა.

ამარილესის დავალება იყო, დაემყარებინა კონტაქტები ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით მოვაჭრე იატაკქვეშა ქსელებთან.

ლეგენდის თანახმად, ამარილესი არტ-დიზაინერი იყო, რომელიც იარაღითაც იყო დაინტერესებული. ეს რთული ფსიქოლოგიური თამაში იყო.

“მე, უბრალოდ, რეალურად უნდა შემესრულებინა როლი, რომელიც საჭირო იყო და არ მეფიქრა, რამდენად აბსურდული იყო ის”, – ამბობს ამარილესი.

დავალების წინ იგი კარგად მოამზადეს, მათ შორის, სამსახიობო ოსტატობაშიც. სწავლების დროს, მას მისცეს ფსევდონიმი “გლორია” და ამ სახელით უნდა ეცხოვრა რამდენიმე დღე.

ამის შემდეგ, მასწავლებლები მას ერთმანეთის მიყოლებით უსვამდნენ აბსურდულ კითხვებს და ბოლოს სთხოვეს, სიმღერა ემღერა, სახელწოდებით – “გლორია”.

ამარილესმა სიმღერის სიტყვები არ იცოდა. “როგორ შეიძლება, ქალმა – სახელად გლორია, არ იცოდეს მასზე დაწერილი სიმღერის ტექსტი”, – უთხრა მაშინ მასწავლებელმა.

ამარილესმა გაკვეთილი კარგად დაიმახსოვრა. ეს ტექნიკა – ბოლომდე ჩაძირულიყო როლში, მოგვიანებით მას ძალიან გამოადგა.

თანაგრძნობა

თანაგრძნობა – მნიშვნელოვანი რამაა. როგორც წესი, კონფლიქტური სიტუაციის დროს, მიგვაჩნია, რომ ჩვენ თავად კარგები ვართ, მოწინააღმდეგე – ცუდი. ამარილესი კი თვლიდა, რომ ეს სინამდვილეში ასე მარტივი სულაც არ არის.

“ჩვენ, პრაქტიკულად, არასდროს მივიჩნევთ თავს ცუდებად, – ამბობს ის, – გასაგებია, რომ ეს ფიქციაა. არ შეიძლება, კონფლიქტის ყველა მხარე კარგი იყოს. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ ფიქციას ორივე ხელით ვებღაუჭებით”.

ამ აზრამდე ამარილესი ერთ-ერთ დაკავებულთან საუბრის შემდეგ მივიდა, რომელმაც მას უთხრა: “თქვენ, ამერიკელები, შუაღამიდან იკავებთ ადგილს, რომ პირველებმა ნახოთ “ვარსკვლავური ომები” ან “შიმშილის თამაშები”, მაგრამ, ამასთან, გავიწყდებათ, რომ ეს ფილმები აჯანყებულთა პატარა ჯგუფებზეა, რომლებიც მძლავრი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ გამოდიან და იმარჯვებენ. ჩვენთვის თქვენ სწორედ ეს იმპერია ხართ, ჩვენ თავად კი – ლიუქ სქაიუოქერი და ჰან სოლო ვართ”.

თავდაპირველად, ეს მოსაზრება ამარილესს სამართლიანი არ მოეჩვენა, თუმცა, მოგვიანებით, სულ უფრო ხშირად ფიქრობდა მასზე. როგორ შეიძლება ვინმემ, რომელიც ბაზრის აფეთქებას ან ცათამბრჯენისთვის თვითმფრინავის შეჯახებას აპირებს და თან იცის, რომ ამ დროს უდანაშაულო ადამიანები დაიღუპებიან, იფიქროს, რომ ის კარგი ადამიანია?

ეს კითხვა, შეიძლება, დაისვას მეორე მხარისთვისაც: როდესაც ჩვენ ვბომბავთ ისლამისტი აჯანყებულების სიმაგრეებს და ამასთანავე, ვხვდებით, რომ მშვიდობიან მოსახლეობაშიც იქნება მსხვერპლი, რატომ მივიჩნევთ ამ ქმედებას გამართლებულად?

ამარილესი უნგრელ იარაღით მოვაჭრეს, სახელად იაკაბს დაუკავშირდა. იგი იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში მას ორმაგ აგენტად აქცევდა. მაგრამ ჯერ თავად ის უნდა დაერწმუნებინა, რომ მართლაც ვაჭრობდა იარაღით.

ამარილესს სჯერა, რომ ადამიანებს აქვთ შინაგანი სიცრუის დეტექტორი და ხვდებიან, როდის ატყუებენ მათ. ამიტომ, როდესაც ის იაკობს უყვებოდა ლეგენდას იმის თაობაზე, რატომ ჩაერთო ამ ბიზნესში, მართლაც ამბობდა იმას, რაც სინამდვილისგან არც ისე შორის იყო: მსოფლიოში ძალისა და ავტორიტეტის ძალიან დიდი დისბალანსია. ამას მოჰყვება მუდმივი კონფლიქტები და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს დისბალანსი იარსებებს.

იაკაბმა ეს თავისებურად გაიგო: მოემარაგებინა მძლავრი იარაღით არაფორმალი აქტორები – იგივე, ტერორისტული დაჯგუფებები.

ახალი ქორწინება და ახალი ინფორმატორი 

ამარილესი ჩინეთში წავიდა, ხელოვნების ნიმუშებით სავაჭროდ. ამას ითხოვდა მისი ლეგენდა. მასთან ერთად იყო მისი ახალი მეუღლე, დინი. CIA ძველებურად თვლიდა, რომ ერთადერთი სანდო ადამიანი მტრულ გარემოში კანონიერი მეუღლე იყო.

ამარილესი ფეხმძიმედ იყო. ჩინეთის ხელისუფლებას, მართალია, ის CIA-ის აგენტად არ ჩაუთვლია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მაინც მოექცა: მის სახლს გამუდმებით უთვალთვალებდნენ, ირგვლივ ფარული კამერები იყო დამონტაჟებული და ოთახებშიც კი თავისუფლად საუბარი შეუძლებელი იყო – მოსმენის შიშით.

“ბედნიერი ქორწინების პირველი რეცეპტი ერთმანეთთან მუდმივი კონტაქტია, – ამბობს ამარილესი, – ჩვენ კი, გარდა იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ეს შესაძლებლობაც არ გვქონდა. ერთმანეთთან რთული, დაშიფრული სიტყვებისა და ფრაზების სისტემით ვურთიერთობდით. ამ მეთოდით უმნიშვნელო ოჯახური კონფლიქტის გადაწყვეტაც კი შეუძლებელია”.

არც სამსახურში იყო იოლად საქმე. მაგრამ ამარილესმა ჩათვალა, რომ მან იაკაბში იდეალისტური საწყისი შენიშნა და გადაწყვიტა, გადაედგა მომდევნო ნაბიჯი – გადაებირებინა.

დასაწყისში, იაკაბი მისი არგუმენტების მიმართ შეუვალი იყო. თუმცა, თანდათანობით მათ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში ტერორისტული აქტი, სადაც არ უნდა მოხდეს ის, მხოლოდ ამყარებს პლანეტის ავტორიტარული რეჟიმების პოზიციებს და აზარალებს სამოქალაქო თავისუფლებას ნებისმიერ ფრონტზე.

რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, იაკობმა მისი არგუმენტები გაიზიარა. ამარილესს ახალი ინფორმატორი გაუჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც მისი ქალიშვილი ზოი სულ რამდენიმე თვის იყო, იაკაბმა მას გაუმხილა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კარაჩიში, უცხოელი ჟურნალისტების პრეს-ოფისზე ტერორისტული თავდასხმა მზადდებოდა.

ამარილესი რთული არჩევანის წინაშე დადგა: დაეტოვებინა თვეების შვილი ჩინეთში და პაკისტანში წასულიყო, თუ დარჩენილიყო და მოსალოდნელი კატასტროფული ტერაქტის შეჩერება რისკის ქვეშ დაეყენებინა.

მოლაპარაკებების ხელოვნება

ის პაკისტანში წავიდა. აქ მას სამი დაჯგუფების ლიდერებთან შეხვდა მოუწყვეს, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი. თუმცა, ამ ადამიანებს არ მოსწონდათ ის, რომ თავდასხმის შედეგად, შესაძლოა, ადგილობრივი მუსლიმი მეტი დაღუპულიყო, ვიდრე უცხოელი ჟურნალისტი.

თავდასხმის შეჩერება შესაძლებელი იყო.

ამარილესს ძალიან გაუკვირდა, რომ შეხვედრას პატარა ბავშვი ესწრებოდა – ერთ-ერთი მეთაურის ქალიშვილი. გოგონას, სავარაუდოდ, ასთმა ჰქონდა, რაც კარაჩის დაბინძურებული ჰაერის გამო გასაკვირი სულაც არ იყო.

დიალოგი ვერ აეწყო. რაღაც მომენტში, ამარილესმა საუბარი გოგონას ჯანმრთელობაზე გადაიტანა და ატმოსფერო რადიკალურად შეიცვალა: ეს უკვე აღარ იყო ორი შეურიგებელი მოწინააღმდეგის შეხვედრა, არამედ ეს იყო მშობლების შეხვედრა, რომლებიც შვილების მომავალზე ნერვიულობდნენ. მათ ერთმანეთს შინაური წამლების რეცეპტეპიც კი გაუზიარეს, სასუნთქი გზების პრობლემების გადასაჭრელად. ამარილესი იხსენებს, რომ ატმოსფერო ოთახში ბევრად ადამიანური გახდა.

როდესაც ისინი ტერაქტზე საუბარს დაუბრუნდნენ, პროგრესის მიღწევა უკვე შესაძლებელი იყო. ტერაქტი გადაიდო.

როგორც ამარილესი ამბობს, შესაძლოა, ამის ბევრი სხვა მიზეზი ყოფილიყო, თუმცა ორგანიზატორებთან პირისპირ, ადამიანურმა შეხვედრამ თავის როლი უთუოდ შეასრულა.

ქალიშვილის დაბადებამ ამარილესს ცხოვრებაში სხვა ადგილი აპოვნინა. “დავიღალე მოჩვენებითი ცხოვრებით, – ამბობს იგი, – მინდოდა, ის ვყოფილიყავი, ვინც სინამდვილეში ვარ”.

მას შემდეგ, რაც დავალება შეასრულა, ამარილესი CIA-დან წამოვიდა და დენს გაეყარა.

10 წლის შემდეგ ის, როგორც იქნა, საკუთარ თავს დაუბრუნდა და ცოლად გაჰყვა მას, ვინც თავად აირჩია – ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს “კურთხევის” გარეშე.

“იცით, ეს ჰგავს ოთახში ყოფნას, სადაც მაცივარი ან კონდიციონერია ჩართული, – ამბობს ის, – თითქოს ამას ვერც ამჩნევ, მაგრამ, საკმარისია, გამოირთოს, ხვდები, როგორი ხმაური იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. დაახლოებით, ასე გამოიყურება ბედნიერებაც”.

წყარო: BBC

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 25
  •  
  •  
  •  
  •