ტრამპი: აშშ-მ ირანელი გენერალი ომის შესაჩერებლად მოკლა და არა მის დასაწყებად

ჰამენეი: საშინელი შურისძიება მათ, ვინც მის სისხლში თავისი ბინძური ხელები გაისვარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ელიტური ირანული სპეცდანაყოფების მეთაური, ქასემ სულეიმანი იმის გამო მოკლეს, რომ “ომი დასრულებულიყო, კი არ დაწყებულიყო”.

“სულეიმანის ტერორის ბატონობა დასრულდა, – უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა ფლორიდაში მდებარე მარ-ალაგოს რეზიდენციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, – აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა შეუდარებლად ზუსტი დარტყმა განახორციელეს და მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი – ქასემ სულეიმანი მოკლეს. იგი საშინელ, გარდაუვალ თავდასხმებს ახორციელებლდა ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე, მაგრამ ჩვენ ის დანაშაულის ადგილზე გამოვიჭირეთ და მისი ლიკვიდაცია მოვახდინეთ”.

გენერალი ქასემ სულეიმანი პარასკევს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. როგორც პენტაგონმა განმარტა, ბრძანება თავად დონალდ ტრამპის მიერ იყო გაცემული.

ირანმა განაცხადა, რომ სასტიკად იძიებს შურს მისი სამხედრო მაღალჩინოსნის მკვლელობის გამო. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ინციდენტი მკვეთრად დაძაბავს სიტუაციას რეგიონში. ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის, ისინიც, ვინც ირანელ გენერალზე მკვეთრად ნეგატიური აზრის იყო და მას “მკვლელს” უწოდებდა, ტრამპის გადაწყვეტილებას დაუფიქრებელად მიიჩნევს. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯს “უკიდურესად ესკალაციური” უწოდა და განაცხადა, რომ “პრეზიდენტმა ტრამპმა ეს-ესაა დინამიტი ჩააგდო დენთის კასრში. ახლა მას მოუწევს, უთხრას ამერიკელებს, რის გაკეთებას აპირებს, რათა დაიცვას ჩვენი ჯარისკაცები და საელჩოს თანამშრომლები, ჩვენი ხალხი და ინტერესები – როგორც შინ, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე, ჩვენი პარტნიორები რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.”

აიათოლა ალი ჰამენეიმ, ირანის სულიერმა ლიდერმა, სულეიმანის მკვლელობის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და აშშ-ს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მან  “ტვიტერის” გვერდზე დაწერა:
“მოწამებრივი გარდაცვალება იყო მისი ჯილდო მრავალწლიანი თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის. მართალია, ის აღარ არის, მაგრამ, ალაჰის ნებით, მისი საქმე და გზა გაგრძელდება. საშინელი შურისძიება ემუქრება მათ, ვინც თავისი ბინძური ხელები გაისვარა, გუშინ ღამით, მის და სხვა წამებულთა სისხლში”.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სულეიმანის სიკვდილი მკვეთრად გააღრმავებს დაძაბულობას ირანსა და აშშ-ს, ასევე, რეგიონში მათ მოკავშირეებს – ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის. ავიადარტყმების შედეგად, ნავთობის ფასი მსოფლიოში უკვე 4%-ით გაიზარდა.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სულეიმანისთან ერთად, დაიღუპა კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი – ერაყის შიიტი მებრძოლების მეთაური, აბუ მაჰდი მუჰანდისი. რამდენიმე ერაყული შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი აშშ-ს ასევე დაემუქრა შურისძიებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის ყველა მოქალაქეს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია.

გუშინ, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში, დამატებით, 3 500 ჯარისკაცი გააგზავნა – როგორც ამერიკელებმა განმარტეს, ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო. აშშ-ის არმიის დანაყოფები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია გადაყვანილი.

ავიადარტყმა სულეიმანის მისამართით მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბაღდადში დემონსტრანტებმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საელჩოს შტურმით აღება სცადეს. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან გენერალი სულეიმანი იდგა. ამერიკელი სამხედროები ქასიმ სულეიმანსა და მის დაჯგუფებას ასობით ამერიკელისა და საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცის სიკვდილში ადანაშაულებენ.

ამერიკის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ირანელ გენერალზე შეტევა თეირანის მხრიდან სამომავლო თავდასხმების აღსაკვეთად განხორციელდა: “აშშ ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რათა დაიცვას ჩვენი ხალხი და ინტერესები მთელ მსოფლიოში.”

 

ფოტოები: REUTERS, FARS.

 

  • 6
  •  
  •  
  •  
  •