“სიკვდილი ამერიკას!” – შიიტები ირანელ გენერალს გლოვობენ

გადაიზარდება თუ არა ამერიკულ-ირანული კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში?

შიიტები მთელი მსოფლიოდან ირანელ გენერალს, ქასემ სულეიმანის დასტირიან, რომელიც ამერიკული ავიადარტყმის შედეგად პარასკევს დაიღუპა. შაბათს, სულეიმანის დაკრძალვაზე ბაღდადში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ხმამაღალი შეძახილებით: “სიკვდილი ამერიკას!”

ირანის მთავარი სამხედრო სტრატეგი და საგარეო პოლიტიკის არქიტექტორი, ქასემ სულეიმანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე მოკლეს, რომელმაც გენერალს “მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი” უწოდა.

დიპლომატები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად ამწვავებს. ახლა ყველა იმის გამოცნობას ცდილობს, გადაიზრდება თუ არა ამერიკულ-ირანული კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში.

სულეიმანისთან ერთად, დღეს ერაყში ავიადაბომბვის დროს დაღუპულ სხვა პირებს კრძალავენ, მათ შორის, ერაყული შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება ” კატაიბ ჰესბოლას” ლიდერს, აბუ მაჰდი მუჰანდისს.

ბევრი შიიტი სოციალურ ქსელში იმასაც აპროტესტებდა, რომ გენერალი სულეიმანის ცხედარი უკანასკნელ გზაზე ამერიკული “შევროლეს” მარკის ავტომანქანით მიჰქონდათ, რომელიც მსხვილ ავტოკონცერნს – “ჯენერალ მოტორსს” ეკუთვნის.

ირანში კი გარდაცვლილი გენერალი ნაციონალური გმირი გახდა. მისი სიკვდილი თეირანში მასშტაბური აქციებით გააპროტესტეს.

ირანელი პოლიციელები თეირანში მდებარე გაერო-ს ოფისთან გენერალ სულეიმანის პორტრეტებით ხელში მივიდნენ.

დანარჩენები – მეჩეთში ლოცულობდნენ.

საპროტესტო ტალღამ პაკისტანამდე მიაღწია: შიიტებმა ამერიკის და ისრაელის დროშები დაწვეს.

საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ქაშმირშიც.

ფოტოები: REUTERS, AFP

  • 2
  •  
  •  
  •  
  •