მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სიდნეიში ფოიერვერკები გაუშვეს- ავსტრალიის ნაწილი ცეცხლშია გახვეული

მაშინ როდესაც სიდნეიში ზეიმობდნენ, ხანძარმოკიდებულ რეგიონებში გადარჩენისთვის იბრძვიან

საახალწლო ფოიერვერკების ტრადიციას ავსტრალიის მილიონიან მეტროპოლ სიდნეიში დიდი ტრადიცია აქვს. წელსაც, ისევე როგორც გასული ათწლეულების განმავლობაში, სიდნეიში ფოიერვერკები ევროპის დროით, 2:00 საათზე გაუშვეს. გრანდიოზული ფერადი სპექტაკლი ჰარბორის ხიდზე 12 წუთს გაგრძელდა.

 

თუმცა წელს საახალწლო სპექტაკლმა პროტესტი და მღელვარება გამოიწვია.  საქმე ისაა, რომ სიდნეის მახლობლად გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.  ცეცხლს 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. მოსახლეობის ნაწილმა დაზარალებულებისადმი სოლიდარობის ნიშნად, საშობაო ფოიერვერკის გაუქმება მოითხოვა, თუმცა ქალაქის მერმა, ამის მიუხედავად, წარმოდგენა არ გააუქმა.

 

 

სიდნეის მერის განცხადებით, ღონისძიების დაგეგმვა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, წარმოდგენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ათასი ადამიანი ჩადის და ქვეყნის ეკონომიკაც გარკვეულწილად იზრდება, შესაბამისად, შოუ ვერ გაუქმდებოდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე კვირაა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ტყის ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სამუშაოები სტიქიურ რეგიონში ახალი წლის დღესაც უწყვეტ რეჟიში მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც სიდნეიში ზეიმობდნენ, ხანძარმოკიდებულ რეგიონებში გადარჩენისთვის იბრძვიან.

 

  • 14
  •  
  •  
  •  
  •