6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს.

ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს.

6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ქართველმა ფალავანმა პლანეტის უძლიერესის ტიტულის მოპოვება ზედიზედ მესამედ მოახერხა.

კარიერაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ მოიპოვა და ფინალების წაგების ნავსიც გატეხა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე კი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ, სამართლიანად და ობიექტურად დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად. მისი თავკაცობით, ეროვნულმა გუნდმა სამ მსოფლიო ჩემპიონატზე 5 ოქროს მედალი მოიპოვა.

მომდევნო ორი ოქრო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. ქართველმა „კლასიკებმა“ 13 წლიანი ნავსი გატეხეს და საქართველოს დიდი გამარჯვება მოუტანეს.

ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ მცირე დროის შუალედით, ორი ფინალი მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებს დაეპატრონენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების ფენომენალური გამოსვლაც მიმდინარე წელს. ბექა როყვას გუნდის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, მეორე ევროპულ თამაშებზე – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი 2 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილია, ასეთი შედეგი კი ასევე 13 წლის განმავლობაში არ ჰქონია საქართველოს.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ სწორედ ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა დააფიქსირა 2019 წელს, ეროვნულ ნაკრებებში საუკეთესო შედეგი და აშკარა გახადა, რომ ამ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი პროგრესული ახალგაზრდა სპეციალისტებისგან შედგება.

მორიგი ოქროს მედალი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანის ანგარიშზეა, რომელმაც ქულადაუკარგავად გაიარა გზა ფინალამდე და იქაც შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. თანაც, მას, საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ასეთი დაზიანების ფონზე მაქსიმუმი გააკეთა.

და ბოლოს, მეექვსე ოქროს მედალი ქართველ გოლიათსა და რეკორდსმენს,  ძალოსან ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, რომელსაც ბოლო 4 წელია მსოფლიოში, მძიმე წონაში კონკურენციას ვერავინ უწევს და მხოლოდ საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს.

რახან ძალოსნებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გიორგი ასანიძეზე. სპეციალისტი, რომლის ხელშიც ქართულმა ძალოსნობამ უდიდესი პროგრესი განიცადა და ტოვებს განცდას, რომ მისთვის და ლაშა ტალახაძისთვის, შეუძლებელი არაფერია. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქროს მედალი გარანტირებული გვაქვს, რადგან ასანიძე-ტალახაძის ტანდემი ორჭიდის ჯამში, 500 კილოს დაძლევას აპირებენ. თუმცა, აქ მხოლოდ ლაშა ტალახაძე არ არის, გიორგი ასანიძის ხელში ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდნენ და გაიზარდნენ, როგორებიც რეზი დავითაძე, შოთა მიშველიძე, ანტონ პლესნოი, გოგა და ირაკლი ჩხეიძეები და ა.შ.

მოჭიდავეებთან ერთად, ქართველი ძალოსნები ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები იქნებიან.

ურიგო წელი არ იყო ქართული ძიუდოსთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ მეტრეველის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მეორე ევროპულ თამაშებსა და ევროპის ჩემპიონატზე (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ნაჩვენები შედეგები ევროპის ჩემპიონატის შედეგებად ჩაითვალა) 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი არავის დაუთმო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა ძიუდოისტების შედეგი, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხეს და არცერთი წონა არ ჩაუგდიათ.

ქალმა ძიუდოისტებმა კი ევროპის თასზე გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე დაასრულეს გამოსვლა. ეთო ლიპარტელიანი კი წლის ერთგვარი აღმოჩენა გახდა, რომელმაც თავის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ახალგაზრდა ლუკა მაისურაძესთან ერთად, ქართველი გულშემატკივრის იმედი იქნება.

უნდა ვთქვათ ქართველ პარაძიუდოისტებზეც, რომლებმაც ევროპირველობაზე ოქრო, ვერცხლი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს.

ძიუდოისტებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ახალგაზრდა ლუკა მაისურაძესა და ლაშა ბექაურზეც. მაისურაძემ ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო აიღო, ბექაური კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის აღმოჩენად დაასახელა. ბექაურმა, ძალიან პრესტიჟულ ცინდაოს მასტერსზე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე, მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი სამბისტების წვლილი უდიდესია მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრების საბოლოო შედეგსა და მონაგარში.

სამბისტებმა 14 შესაძლებლობიდან 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს და სამბოს ქალთა და კაცთა საერთო ჩათვლაში მეორე, ხოლო კაცთა ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ შორის ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები ერგოთ მინდია ლილუაშვილს (68 კგ), ნინო ოძელაშვილს (72 კგ) და ელენე ქებაძეს (80 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები – გივი ნადარეიშვილს (52 კგ), გენადი ჩირგაძეს (62 კგ), ბესარიონ ბერულავას (82 კგ) და პაატა ღვინიაშვილს (90 კგ).

მინსკშივე, ისტორიული შედეგი დააფიქსირეს ტყვიით მსროლელებმა, დედა-შვილმა, ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა. მათ ანგარიშზე, მცირეკალიბრიანი პისტოლეთი სროლაში მოპოვებული ბრინჯაოა. ასევე, ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

რახან ლიცენზიებზე ვსაუბრობთ, უკვე 4 ლიცენზიაა ქართველი მოჭიდავეების ყულაბაში. გენო პეტრიაშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ ტოკიოში ასპარეზობა გაინაღდეს, ისევე როგორც იაკობ ქაჯაიამ და გიორგი მელიამ. აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკრებში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მძიმეწონოსნების ანგარიშზეა.

ჯამში, მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 7 ოქროს, 9 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, გუნდურ ჩათვლაში კი მეშვიდე ადგილი აჩვენა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი, მაკა გიორგობიანი. სახეობა, სადაც ბოლო წლებში აშკარა კრიზისი გვქონდა, პროგრესის გზაზეა და ეს, ცალსახად და ულაპარაკოდ, სწორედ მაკა გიორგობიანის დამსახურებაა, რომელიც მუდმივად სპორტსმენების ძიებაშია. მწირი დაფინანსების პირობებში, იძიებს კადრებს და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე ზრუნავს. შედეგი კი სახეზეა. მხოლოდ გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილის მიერ ნაჩვენები შედეგები რად ღირს. მხოლოდ წელს, სპორტულმა ტანდემმა ზაგრების, დორტმუნდისა და ბოლოს, ტურინის გრან პრის ფინალი მოიგო და იტალიაში, საქართველოს ჰიმნი ააჟღერა, სწორედ ამიტომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა, ზამთრის სახეობებში, სამართლიანად დაასახელა ეს ახალგაზრდა წყვილი საუკეთესოდ.

ქართულ ფიგურულ ციგურაობაში კიდევ არის რამდენიმე ახალგაზრდა, ვისზეც იმედების დამყარება შეიძლება. ასეთები ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა არიან. ამ წყვილმა ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ლიცენზიის მოპოვებაც მოახერხა. რავმებმა დატანჯა ნიკოლოზ ეგაძე, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს სასურველი ფორმის დაბრუნებას.

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული სპორტისთვის გერმანიაში გამოცხადებული გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ევრობასკეტი საქართველოში ჩატარდება და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

უეფას შტაბ-ბინაში კი, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეეს ქართული ფეხბურთისთვის. 2020 წლის მარტში, უეფას ერთა ლიგის დ ჯგუფის ფინალი თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩატარდება, თუკი, ნახევარფინალში ვლადიმირ ვაისის გუნდი, ერთ-რაუნდიან დუელში ბელარუსს აჯობებს.

ფეხბურთს რადგან შევეხეთ, ეროვნული ლიგა 1 „დინამო თბილისმა“ სამ წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული კი – „საბურთალო გახდა.

უნდა ვისაუბროთ ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებზეც, რომლებმაც სადებიუტო გამოსვლაში, მსოფლიო სერიებში უნიკალური შედეგი აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. პირველ ქვიშის თამაშებზე კი, დოჰაში, სამი ოქროს და 1 ვერცხლის მედალიც აიღეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი კვლავ შეძლო ტიტულის შენარჩუნება და ჰამბურგის ღია პირველობა ტრიუმფით დაასრულა.

ქართველ წყალბურთელებს რაც შეეხებათ, რევაზ ჩომახიძის გუნდმა ზედიზედ მეოთხედ  იასპარეზა ევროპირველობაზე და ინარჩუნებს შანსს, ისტორიაში პირველად, ქართულმა საწყალოსნო სახეობამ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვოს.

ქართველმა მორაგებეებმა კი მსოფლიო თასზე თავი გულშემატკივარს მხოლოდ ერთი გამარჯვებით დაამახსოვრეს. მილტონ ჰეიგის გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ურუგვაის აჯობა.

წინა წლების მსგავსად, წარმატებით იასპარეზეს 2019 წელს ქართველმა პარამოფარიკავეებმაც. ირმა ხეცურიანმა სან პაულუში გამართულ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი დაისაკუთრა, ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილის ბრინჯაოს დაეუფლა, მოგვიანებით კი, 23 წლამდელთა მსოფლიო თასზე ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

ზაზა ფაჩულიამ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა და „გოლდენ სტეიტს“ უკვე თანამშრომლის ამპლუაში დაუბრუნდა. ახალგაზრდა გოგა ბითაძე კი სათამაშოდ NBA-ში გადავიდა. „ინდიანა პეისერსმა“ ის დრაფტზე აიყვანა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებს.

2020 წელი ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანესია. ქართველ სპორტსმენებს, სხვადასხვა სახეობებში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები აქვთ მოსაპოვებელი. მანამდე კი, მთელი ყურადღება ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისკენ არის მიპყრობილი. ვლადიმირ ვაისის გუნდს, ისტორიულ შედეგამდე მხოლოდ ორი თამაში აშორებს. ბელარუსის ნაკრების ძლევის შემთხვევაში, ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალში ქართველი ფეხბურთელები მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. ფინალში გამარჯვებული კი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. უკვე აგვისტოში კი ოლიმპიური ციებ-ცხელება იქნება.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •