აუცილებლად წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ სწორად საახალწლო საჩუქარი

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ არასწორად შერჩეულმა საჩუქარმა, შესაძლოა, სამუდამოდ გაგიფუჭოთ ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისი გახარებაც ამ საჩუქრით გინდოდათ. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან შეცდომები და მას ვაჩუქოთ ის, რაც სინამდვილეში გაეხარდება? 

ახლა სწორედ ის დროა, როცა უნდა შეადგინოთ იმ ადამიანების სია, ვისთვისაც საჩუქრის მირთმევა გაქვთ გადაწყვეტილი და განსაზღვროთ ბიუჯეტი.

დიდ ბრიტანეთში, საშუალო შემოსავლების ოჯახი საშობაო საჩუქრებზე, დაახლოებით, 500 ფუნტს ხარჯავს. ამდენივეს ხარჯავენ ამერიკელები – საშუალოდ, 650 დოლარს.

მართალია, საჩუქრების შერჩევის პროცესს ბევრისთვის სიამოვნება მოაქვს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არც ისე იოლია. რადგან არასწორად შერჩეულ ძღვენს ხშირად უკურეაქცია მოჰყვება ხოლმე.

ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორმა კანადიდან, ელიზაბეტ დანმა, კვლევების საფუძველზე დაადგინა, რომ თუ ადამიანს საჩუქარს არასწორად შეურჩევთ, სამომავლო ურთიერთობის გაფუჭება გარანტირებული გაქვთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ მასთან საერთო ცოტა გაქვთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ? ფსიქოლოგები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ:

  1. ნუ იდარდებთ საჩუქრის ფასზე

 ხომ არ სჯობს, ვიყიდოთ ძვირადღირებული საჩუქარი და ამით ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ვუჩვენოთ, რამდენად ღირებულია თავად ის ჩვენთვის?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ასე სულაც არ არის. დიდი შანსია, ძვირადღირებული საჩუქარი მოსაწონი სულაც არ აღმოჩნდეს. ამ დროს კი, თქვენ ელოდებით, რომ ბევრ მადლობას აუცილებლად მიიღებთ. და ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდება.

ჯეფ გალაკი, მარკეტინგის ამერიკელი სპეციალისტი ამბობს, რომ ფასი ნამდვილად არ არის იმის გარანტია, რომ თქვენი საჩუქრით მოიხიბლებიან. მარკეტოლოგის თქმით, შთაბეჭდილება, შესაძლოა, მყისიერი იყოს და შემდეგ, ჰაერში გაიფანტოს. მთავარი საჩუქარია და არა მისი ღირებულება, – ამტკიცებს გალაკი.

     2. შეაფასეთ თქვენი საჩუქრის სამომავლო პერსპექტივა 

ამ რჩევის მთელი არსი ის არის, რომ საჩუქრის შერჩევისას ცოტა წინ გაიხედოთ.

ამერიკელი მარკეტოლოგის თქმით, საჩუქრის ჩუქების პროცესში ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ საპასუხოდ ბედნიერი ღიმილი მივიღოთ. მათთვის კი, ვინც საჩუქარს იღებს, მნიშვნელოვანი სხვა რამეა – მათ სურთ, ეს საჩუქარი, რაც შეიძლება, დიდხანს გამოადგეთ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესაძლოა, თქვენი მეგობარი ან ნათესავი აღფრთოვანებისგან ყელზე არ შემოგეხვიოთ, თუკი მათ, მაგალითად, კინოთეატრის წლიურ აბონემენტს აჩუქებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამ საჩუქარს არ დააფასებენ – ამით ხომ მთელი წელი შეუძლიათ, ისარგებლონ.

    3. დაივიწყეთ უნიკალურობა და ორიგინალობა

ფსიქოლოგები და მარკეტოლოგები გვირჩევენ, თავი არ ვიმტვრიოთ განსაკუთრებული და ორიგინალური საჩუქრის შერჩევით. ადამიანების უმეტესობას ხომ მოსწონს ის, რაც სხვებს მოსწონთ ან უკვე აქვთ.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევის დროს ჩვენ ბევრს ვფიქრობთ მის უნიკალურ, განსაკუთრებულ თვისებებზე და ამგვარი ჰიპერსპეციფიკის გამო, ყურადღების მიღმა გვრჩება მისი სხვა სურვილები და საჭიროებები. შედეგად, ვყიდულობთ მისთვის სრულებით უსარგებლო ნივთს.

ამას გარდა, ხშირად ჩვენ სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულ საჩუქარს ვარჩევთ, თუნდაც ვიცოდეთ, რომ მათ ერთი და იგივე ნივთი მოეწონებათ. ამავდროულად, დიდი შანსია, ვერასდროს გაიგონონ, ვის რა აჩუქეთ.

   4. იყიდეთ საჩუქარი საერთო ინტერესების გათვალისწინებით

ფსიქოლოგიის პროფესორი დანი გვირჩევს, საჩუქრის არჩევამდე დავფიქრდეთ, რა გვაქვს საერთო ამ ადამიანთან.

“ადამიანებს უფრო უიოლდებათ საკუთარი თავისთვის რამეს შეძენა. ამიტომ, სანამ სხვისთვის საჩუქარს აარჩევთ, დაფიქრდით, რა გაქვთ საერთო ამ ადამიანთან და ამ მსგავსებიდან გამომდინარე უყიდეთ ის, რაც თქვენ თავად მოგეწონებოდათ”.

ურიგო არ იქნება, თუკი საკუთარ თავთან ერთად, მასაც შეუძენთ კულინარიის კურსის ვაუჩერს ან კონცერტის ბილეთს. შესაძლოა, მასთან ერთად ამ კურსებზე არც იაროთ, მაგრამ ამგვარი საჩუქარი თქვენი დაახლოების შანსს მაინც ზრდის.

    5. ჰკითხეთ, რას ისურვებდა საჩუქრად

თუკი ახლოს არ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც საჩუქრის მირთმევა გსურთ, ფსიქოლოგი გვირჩევს, თავად მას ვკითხოთ, რა მოეწონებოდა ან მივცეთ საჩუქრების სია ასარჩევად.

კვლევები მოწმობს, რომ ადამიანები ბევრად მადლიერები არიან იმ საჩუქრების გამო, რომლებიც საკუთარი თავისთვის თავად ისურვეს. ჩვენ ხშირად ვცდილობთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ორიგინალობა და ასე შევარჩიოთ საჩუქარი. ამ დროს კი, გაცილებით მარტივი და ეფექტურია, ვიკითხოთ: რა გაუხარდებოდა მას თავად.

შესაძლოა, ბევრი ფიქრობს, რომ საჩუქარზე წინასწარ შეთანხმება არასწორია – ის ხომ სიურპრიზი უნდა იყოს. თუმცა სინამდვილე საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

    6. ძალიან დიდხანს ნუ იფიქრებთ საჩუქარზე

ბოლოდაბოლოს, ნუ მოახმართ განსაკუთრებულად დიდ ძალისხმევას იმაზე ფიქრს, როგორ შეარჩიოთ სწორი საჩუქარი. სინამდვილეში, ყველანაირი საჩუქარი სასიამოვნოა, იშვიათი გამონაკლისების გარდა – თუ, მაგალითად, რაიმე უხამსობასთან არ გვაქვს საქმე. და მადლობასაც აუცილებლად გადაგიხდიან – აღფრთოვანებით ან მოკრძალებულად. ნებისმიერ ადამიანს უხარია, როცა მის მიმართ ყურადღებას იჩენენ, აფასებს თქვენს მცდელობას და შესაძლოა, იმაზე იფიქროს კიდეც, რატომ შეურჩიეთ ესა თუ ის საჩუქარი.

გავიხსენოთ ძველი ნათქვამი: მთავარი საჩუქარი კი არა, ყურადღებაა.

და კიდევ, იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული მაინც თქვენ რჩებით. რადგან რაც უნდა წარუმატებლად შეარჩიოთ საჩუქარი, როგორც კვლევები მოწმობს, მისი არჩევის პროცესი თქვენს სულიერ მდგომარეობაზე უაღრესად დადებითად მოქმედებს.

 

 

 

 

 

  • 9
  •  
  •  
  •  
  •