ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოვლინდა

2019 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 415 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

„იმერეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 438 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 422 ფაქტი, აჭარაში – 372, ქვემო ქართლში -300, შიდა ქართლში – 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 193, მცხეთა-მთიანეთში – 99, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 56, გურიაში კი, უკანონო ტყითსარგებლობის 51 ფაქტი დაფიქსირდა.

თბილისში, მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 100 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 551 ფაქტი და ამოღებულია 225 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

  • 38
  •  
  •  
  •  
  •