ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფენომენალური და არაღიარებული წელი

2019 წელი რამდენიმე დღეში დასრულდება. წლის ბოლოს, ტრადიციულად, ქართველი სპორტული ჟურნალისტები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო, თანმიმდევრობით, წლის შედეგებს აჯამებენ და საუკეთესოებს ასახელებენ.

როდესაც გამოკვეთილი ლიდერი გყავს სპორტის რომელიმე სახეობაში, საკამათო არაფერია, მაგრამ წლევანდელ შედეგებს ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.

საქართველოს სპორტულ ჟურნალსიტთა ასოციაციამ, წელს 75 ჟურნალისტი გამოკითხა და 24 დეკემბერს, რჩეულები დაასახელა.

რით უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალისტმა, რომელიც წლის განმავლობაში ამა თუ იმ სპორტულ მოვლენას აშუქებს და მან, წესით, ყველაზე კარგად იცის, ვის როგორი რეზულტატი აქვს? დიახ, შედეგებით, თუმცა, სპორტულ ჟურნალისტთა მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ალბათ, სამართლიანადაც მოჰყვა ბევრი კრიტიკა.

როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე გაირკვა, წლის საუკეთესო სამ ნაკრებში ვერ მოხვდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ვერც მწვრთნელთა სამეულში აღმოჩნდა ამ გუნდის თავკაცის, ბექა როყვას ადგილი.

რომ ვიყოთ სამართლიანები, 2019 წელს, საუკეთესო სპორტული შედეგები სწორედ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ჰქონდა.

წლის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი ყაზახეთში შედგა. ბექა როყვას გუნდმა 13 წლიანი ნავსი გატეხა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს ერთბაშად ორი მსოფლიო ჩემპიონი აჩუქა.

ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) უბადლოდ გაიარა ყველა მეტოქე და ფინალში, ყაზახი მოწინააღმდეგე უშანსოდ დაამარცხა. ლაშა გობაძის მძლეველიც ვერავინ აღმოჩნდა ყაზახეთში და მანაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პრესტიჟულ მძიმე წონაში კი, იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. აღსანიშნავია გიორგი მელიას გამოსვლაც, რომელიც მედალს ვერ შეწვდა, თუმცა საქართველოს მანაც მოუტანა ზაფხულის ოლმპიური თამაშების ლიცენზია.

თუმცა, მანამდე იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი ფინალი იჭიდავეს და ვერცხლის მედლებსა და 1 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. მეორე ევროპულ თამაშებზე კი იაკობ ქაჯაია ოქროს მედლით გამოირჩა. ბექა როყვას გუნდი, მინსკიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.  მინსკშიც, საკამათო იყო მსაჯის გადაწყვეტილებები შმაგი ბოლქვაძესთან დაკავშირებით, რომელმაც ფინალი რუს კონკურენტთან „დათმო“, თანაც გაფრთხილებებით.

აღარ ღირს თვლად ის ოქრო, ვერცხლი და  ბრინჯაოს მედლები, რომლებიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებსა და შეჯიბრებებზე მოიპოვა.

ვერც საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენთა სამეულში მოხვდა 22 წლის ნუგზარ წურწუმია, რომელმაც თავისი სადებიუტო გამოსვლა პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლით აღნიშნა, წელს კი ეს ოქროში გადაცვალა.

დიახ, სამართლიანი იყო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისა თუ მწვრთნელების წყენა, როდესაც ქართველმა სპორტულმა ჟურნლისტებმა მათი შრომა და შედეგები არათუ დააფასეს, არამედ იმის ღირსადაც კი არ ჩათვალეს, რომ ნომინაციებში ანდაც სამეულში დასახელებულიყვნენ.

13 წლიანი პაუზის შემდეგ, ბექა როყვას გუნდმა არამხოლოდ ორი ოქროს მედალი მოუტანა ქვეყანას, არამედ გუნდური სამეულიც გააკეთა, თუმცა, რატომღაც, ესეც არავის გახსენებია.

ქართველი ჟურნალისტების რჩეული ნაკრებები ძალოსნობა, წყალბურთი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები გახდნენ. ძალოსნებმ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი სინჯის მედალი მოიპოვეს, წყალბურთელებმა კი ევროპირველობაზე იასპარეზეს, თუმცა იქ განსაკუთრებული შედეგებით თავი არ გამოუჩენიათ. რევაზ ჩომახიძის გუნდს მომავალ წელს ექნება შანსი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის იბრძოლოს, თუმცა, ესეც ძალიან რთული იქნება. მწვრთნელთა სამეულიც გიორგი ასანიძით, გიორგი იანტბელიძითა და რევაზ ჩომახიძით დაკომპლექტდა.

წელს, საქართველომ 6 მსოფლიო ოქრო მოიგო და აქედან 4 ჭიდაობაზე მოდის. გიორგი იანტბელიძის ნაკრებმა 2 ოქროს მედალი აიღო ნურ სულთანში და ის, ბექა როყვასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო იყო წლევანდელი შედეგებით.

სპორტულ ჟურნალისტთა შემდეგ, რჩეულები ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაასახელა. საინტერესო ფაქტია ის, რომ ოლიმპიურ კომიტეტს საერთოდ ნომინაციებში საუკეთესო ნაკრები არც კი შეუტანია. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზე კი სიტყვაც არავის უთქვამს.

ჯერი სპორტის სამინისტროზეა, რომელიც წლის საუკეთესოებს როდის დაასახელებს, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც წესი, დიდი სხვაობა არასდროს არის წლის შემაჯამებელ დაჯილდოებებში.

2020 წელს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტარდება. ბიჭებმა, რომლებმაც უამრავი იშრომეს, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს, მათთვის მადლობის თქმა დაავიწყდათ. მადლობის თქმა კი არ დაავიწყდათ, უბრალოდ დაავიწყდათ. არადა, ეს ბიჭები მომავალ წელს ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ, მათ კი არც შრომა და არც შედეგები არავინ დაუფასა, არავინ გაიხსენა.

ამიტომ, ჩვენ შეგახსენებთ იმ მოჭიდავეებისა და მწვრთნელების გვარებსა და სახელებს, რომლებმაც წელს ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს, თუმცა სათანადოდ არ დააფასეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:

მთავარი მწვრთნელი – ბექა როყვა

ნაკრების კონსულტანტი – ლადო გეგეშიძე

მწვრთნელები: შმაგი გულიაშვილი, შალვა გადაბაძე, სოსო ჯაბიძე

ექიმი: ლაშა ღონღაძე, ზურა კახაბრიშვილი:

მოჭიდავეები: ნუგზარ წურწუმია, დავით ჩხარტიშვილი, შმაგი ბოლქვაძე, გიორგი მელია, იაკობ ქაჯაია, ლაშა გობაძე, ლევან ქავჟარაძე (ყველა მათგანმა, ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ევროპულ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს).

მადლობა!

  • 738
  •  
  •  
  •  
  •