№77 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე “საიდუმლო სანტას” საჩუქარის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდა

სკოლის საპირფარეშოში, შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო დაზიანება თვალის არეში.

თბილისის №77 საჯარო სკოლაში მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მანდატურის სამსახური განხადებას ავრცელებს, რომელსაც  „Recorder“ უცვლელად გთავაზობთ.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ თბილისის N77 სკოლაში მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე 2 ბიჭს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება „საიდუმლო სანტას“ საჩუქართან დაკავშირებით. შესვენებაზე, სკოლის საპირფარეშოში, შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო დაზიანება თვალის არეში.

უსაფრთხოების წესის თანახმად, სასკოლო საპირფარეშოებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟებული არ არის. როგორც კი მანდატურისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა, ის მყისიერად მივიდა შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტი შეაჩერა.
ფაქტის შესახებ მანდატურმა აცნობა სკოლის დირექციას და მოსწავლეთა მშობლებს.

დაზარალებულ მოსწავლეს, რომელსაც აღენიშნებოდა სილურჯე თვალის არეში, პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლის ექიმმა აღმოუჩინა.

კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებს ჩაუტარდათ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რა დროსაც რაიმე სახის აკრძალული ნივთი აღმოჩენილი არ იქნა.

ვინაიდან კონფლიქტის დროს მოსწავლეს მიღებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, მანდატურმა, უსაფრთხოების წესის თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. დაზარალებული მოსწავლე, რომელსაც დაზიანება თვალის არეში აღენიშნებოდა, დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ის ამჟამად უკვე შინ იმყოფება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია მანდატრის სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განმარტებაში.

  • 31
  •  
  •  
  •  
  •