ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის 2019 წლის ანგარიში წარადგინა

“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა.

სესიის დღის წესრიგისა და რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, დელეგატებმა პატივი მიაგეს 2019 წელს გარდაცვლილ სპორტსმენთა და სპორტში მოღვაწეთა ხსოვნას.

დელეგატთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მიმოიხილა სეოკ-ის 2019 წლის საქმიანობა, ისაუბრა სპორტული წლის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე:

“დავიწყებ იმით, რომ თითოეულ თქვენთაგანს, მთელს ქვეყანას მივულოცავ წარმატებულ სპორტულ წელს. 2019 წელი მართლაც განსაკუთრებული და გამორჩეული გამოდგა. წელს არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ქართულ სპორტში.

მთავარი ამბავი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული 6 ოქროს მედალია. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი სპორტის ისტორიაში, საბჭოთა პერიოდის გათვალისწინებითაც კი. წლები ისე გადიოდა, ერთი ჩემპიონიც კი არ გვყოლია, ამჯერად კი ერთბაშად მსოფლიოს 6 ჩემპიონი გვყავს.

ამას დაუმატეთ ძალოსნობის ცალკეული დისციპლინებში აღებული ოქროს მედლები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების სხვადასხვა ხარისხის ათეულობით მედალი, ევროპულ თამაშებზე, პლაჟის პირველ მსოფლიო თამაშებზე, ახალგაზრდულ შეჯიბრებებში მოპოვებული მნიშვნელოვანი წარმატებები.

შეიძლება ითქვას, ისტორიული გამოდგა მინსკის მეორე ევროპული თამაშების შედეგები: სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი ავიღეთ, მათ შორის 7 ოქროს, მედალი, საერთო ჩათვლაში თამაშებში მონაწილე ევროპის 50 ქვეყანას შორის მეექვსე შედეგი გვქონდა, მედლების რაოდენობით კი – მეხუთე. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვა წამყვანი სპორტული ქვეყნების ნაკრები გუნდები. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ თამაშებში მონაწილე საქართველოს ყოველმა მეორე სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა შეგვწევს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ უძლიერეს გუნდებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სპორტული ქვეყანაა ევროპაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადავუხადო ამ საქმეში ჩართულ ორგანიზაციებს, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის თოთოეულ წევრს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს, რათა გაეხარებინათ ქართული სპორტის გულშემატკივრები. ეს წარმატება განაპირობა ჩვენმა ერთობლივმა კოორდინირებულმა მუშაობამ. სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტეტი, სპორტული ფედერაციები მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე წარმართულიყო სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, ოპერატიულად მოგვეგვარებინა ყველა პრობლემური საკითხი, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის შეგვექნმა მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ამ ძალისხმევამ ჩინებული შედეგი გამოიღო. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეისათვის სპორტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დარგია საქართველოში. ამას განაპირობებს ამ სფეროში ჩართული ადამიანების მაღალი პროფესიონალიზმი, ყოველდღიური დაუღალავი შრომა, სულ უფრო მზარდი მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. რომ არა ჩვენი დარგის განვითარებისთვის გაღებული სოლიდური სახელმწიფო სუფსიდიები, სპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სტიმულირებისთვის, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტებისთვის გაწეული ხარჯები, ამ შედეგების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს სპორტის დაფინანსება, რათა არ შეფერხდეს წინსვილის დინამიკა და არ მოგვიწიოს უკვე მიღწეული სიმაღლეების დათმობა. პირიქით – ჩვენ უნდა ავიღოთ ახალი სპორტული სიმაღლეები და ეს უნდა გავაკეთოთ უკვე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

7 თვე რჩება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე. 2020 წლის 24 ივლისს ტოკიოში სტარტს აიღებს ოთხწლეულის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება, რომელსაც ყველანი ინტერესით და იმედით მოველით. ჩვენი ოპტიმიზმი ეფუძნება ქართულ სპორტში დღეს არსებულ რეალურ ვითარებას, მათ შორის იმ შედეგებს, რომლებიც გასულ სპორტულ სეზონში მოვიპოვეთ.ჩვენ წინ გველოდება ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირები, შემდგომში კი – უშუალოდ ოლიმპიური სტარტები. ჩვენ ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ტოკიოში ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა.

სეოკ-ის დევიზი უცვლელია: „უკეთ, ვიდრე წინა თამაშებზე”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ სესიის დელეგატებს ინფორმაცია წარუდგინა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტოკიო-2020-ზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა.

სესიის დელეგატებს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (9-22 იანვარი, 2020 წ., ლოზანა, შვეიცარია) ქართველ სპორტსმენთა მზადებისა და 2025 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში ჩატარების განაცხადის შესახებ ინფორმაცია გააცნო სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.

სესიის დელეგატებმა განიხილეს და დაამტკიცეს სეოკ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.

საანგარიშო სესიაზე ასევე მოისმინეს აუდიტის ინფორმაცია.

სესიის პროგრამა იყო ინფორმაციულად დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო.

სესიას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •