საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა საერთო ევროპულ პერსპექტივასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

“ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ყოველთვის აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგს – პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას.

“ეს გახდება ყველაზე ეფექტური პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა მთავრობებმა, სამინისტროებისა და უწყებების დონეზე, სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურა – ითანამშრომლონ და შედეგებს მიაღწიონ კიდევ უფრო ეფექტურად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • 25
  •  
  •  
  •  
  •