ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად მონაწილეობდნენ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა.

„მათი ნაწილი კოშკურებიდან უზრუნველყოფდა ბაზის დაცვას, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა.“- აღნიშნავენ უწყებაში.

მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის ბოლომდე შესრულება ვერ განახორციელა.

„კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია – 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია. ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას.“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, შედეგად 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.

“მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს.

  • 20
  •  
  •  
  •  
  •