“ლელო” სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელია.

ჯარზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელია.

გარდა ამისა, “ლელო” მოუწოდებს თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ზურაბიშვილის განცხადებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ.

“პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, პირველ რიგში, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მყოფ, ათასობით პატრიოტ ჯარისკაცს, ვეტერანებს, საერთაშორისო მისიებში და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ. ასევე საერთაშორისო მისიებში მყოფ შენაერთებს, რომელთა გმირულ მსახურებაზე დგას ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოტენციალი”, — ნათქვამია “ლელოს’’ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ:

“არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ”, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

  • 15
  •  
  •  
  •  
  •