რუსეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა

რუსეთი ოლიმპიურ, პარაოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვერ მიიღებს.

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ეს გადაწყვეტილება, დღეს, ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

როგორც სააგენტოს შესაბამისობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო არ შეესაბამება პატიოსნების დადგენილ სტანდარტებს.

ლოზანაში გამართულ შეხვედრაზე, შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაციას მხარი 12 კაციანმა შემადგენლობამ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსგავსად, რუსი სპორტსმენები რუსული დროშის გარეშე, დამოუკიდებლად იასპარეზებენ, თუმცა, 26 გვერდიან დასკვნაში განმარტებულია ისიც, რომ მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც ანტი დოპინგური სააგენტოს დადგენილ ნორმებსა და წესებს იცავენ.

ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის დროშა ვერ აღიმართება ვერცერთ დიდ სპორტულ ფორუმზე. რუსეთის ნაკრებს ეკრძალება მონაწილეობა მაღალი რანგის, დიდ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ სუფთები არიან. რუსეთს, ასევე ეკრძალება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გააკეთოს განაცხადი რომელიმე დიდი სპორტული ტურნირის მასპინძლობაზე.

რუსეთს აღნიშნული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 21 დღიანი ვადა აქვს.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •