როგორი საარჩევნო სისტემა მოქმედებს გერმანიაში – რას ითხოვს ოპოზიცია

გერმანიის საარჩევნო სისტემა ამერიკულისგან, ბრიტანულისა და შვეიცარიულისგან განსხვავებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ გერმანიაში მმართველობის ფორმა არის არა პირდაპირი, არამედ – წარმომადგენლობითი. მასში ცენტრალურ როლს ასრულებენ არჩეული დეპუტატები, რომლებიც ხალხის ნების გამომხატველებად მიიჩნევიან. უფრო კონკრეტულად, შვეიცარია პირდაპირი დემოკრატიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამ ქვეყნის მოქალაქეები კანონებს პარლამენტს მიღმა, რეფერენდუმებზეც იღებენ. გერმანიაში კი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მეშვეობით ფორმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი სწორედ დეპუტატებზე მოდის.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციაში  ხაზგასმულია ბუნდესტაგის (ქვეყნის პარლამენტი) დეპუტატების როლი, რაც შემდეგი სახით არის ფორმულირებული: „ისინი (დეპუტატები – რედ.) ხალხს წარმოადგნენ, არ არიან შეზღუდული ინსტრუქციებით ან მითითებებით და მხოლოდ საკუთარ სინდისს ემორჩილებიან“. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იგივე კონსტიტუცია რიგით ამომრჩევლებს მაკონტროლებლის ფუნქციას აკისრებს. იმ მოქალაქეს, რომელსაც მიაჩნია, რომ ხმის მიცემის პროცედურა დაირღვა, არჩევნების შედეგების გაპროტესტება შეუძლია.

გერმანულ საარჩევნო სისტემას ხშირად შერეულსაც უწოდებენ, რადგან დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ერთმანდატიანი ოლქის, ნაწილი კი პარტიული სიის მიხედვით გადის. სინამდვილეში კი ბუნდესტაგი პროპორციის პრინციპს იცავს. პარლამენტის შემადგენლობის ნახევარს (598 დეპუტატიდან  299-ს) ამომრჩეველი პირადად განსაზღვრავს.

ვის შეუძლია გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა?

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქვეყნის ყველა სრულწლოვან (18 წლის და უფროს) მოქალაქეს აქვს 2 ხმის მიცემის უფლება. ამომრჩეველი პირველ ხმას კონკრეტულ კანდიდატს აძლევს, მეორეს კი – ამა თუ იმ პარტიის სიას.

რას ნიშნავს პირველი და მეორე ხმა?

გერმანიის სრულწლოვანი მოქალაქის ორი საარჩევნო ხმიდან უპირატესობა მეორეს ენიჭება. სწორედ ეს განსაზღვრავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ბუნდესტაგში ძალების თანაფარდობას და ასევე იმას, თუ რომელი პარტიიდან იქნება კანცლერი, რომელსაც, როგორც წესი, ბუნდესტაგი ირჩევს. მაგალითად, თუ პარტიამ ამომრჩეველთა მეორე ხმის 35%-ი მიიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ახალ ფედერალურ პარლამენტში ადგილების 35%-ს მიიღებს. სწორედ მეორე ხმით წყვეტს ამომრჩეველი ბუნდესატგში უმრავლესობისა და უმცირესობის საკითხს. როდესაც გაირკვევა, რამდენი ადგილი მიიღო ამა თუ იმ პარტიამ მეორე ხმების რაოდენობის მიხედვით, ამის შემდეგ სადეპუტატო მანდატები პარტიული სიის შესაბამისად ნაწილდება.

მეორე ხმით გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში ადგილს იღებს ის პარტია, რომელმაც, სულ ცოტა, 5%-იანი ბარიერი გადალახა. ბუნდესტაგში ამა თუ იმ პარტიის მიერ მიღებული მანდატების  რაოდენობა მისთვის მიცემული მეორე ხმების მაჩვენებლის პირდაპირპროპორციულია. ამ ადგილებს ავსებენ პარტიის ის კანდიდატები, რომელთაც ერთმანდატიან ოლქებში გაიმარჯვეს. თუ მათი რაოდენობა მიღებულ ადგილებზე ნაკლებია, მაშინ მანდატები პარტიული სიის მიხედვით ნაწილდება. თუ პირიქით მოხდა და ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულთა რაოდენობა მეტია, ვიდრე პარტიის მიერ მოპოვებული ადგილები, მაშინ ასეთი კანდიდატებისთვის დამატებითი მანდატი იქმნება.

ასეთი სიტუაცია ბუნდესტაგში არც თუ ისე იშვიათია, რაც დეპუტატების რაოდენობაზეც აისახება (მათი საერთო რაოდენობა იზრდება). ძალების თანაფარდობის დასაცავად კი ესა თუ ის პარტია საკუთარ მანდატს თმობს. ამ პროცედურის შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 2012 წელს მოილაპარაკა. ამ შეთანხმების ნაკლი ის არის, რომ დეპუტატების რაოდენობა იზრდება. სწორედ ამიტომ, გერმანიაში დამატებითი მანდატების შემცირების მექანიზმზე მსჯელობა აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება პირველ ხმას, ამით გერმანელი ამომრჩეველი მხარს კონკრეტულ კანდიდატს უჭერს. პირდაპირი მანდატები ბუნდესტაგის ადგილების 50%-ს განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა, ოპოზიცია ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელზე ალაპარაკდა. ამ ინიციატივით თავდაპირველად „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოვიდა. საპასუხოდ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციასთან ამ წინადადების შეუსაბამობაზე საუბრობს.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •