ლეო მესი “ოქროს ბურთის” მფლობელი მეექვსედ გახდა

არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი ყველაზე მეტჯერ მიიღო

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა, ლეო მესიმ, “ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებულ ცერემონიალზე, “ოქროს ბურთი” მეექვსეჯერ მიიღო.

ჯილდოს არსებობის განმავლობაში, არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი ყველაზე მეტჯერ მიიღო.

გამოკითხვაში, მეორე ადგილზე, ინგლისური “ლივერპულის” მცველი, ვირგილ ვან დეიკი გავიდა, ხოლო მესამეზე – “იუვენტუსის” პორტუგალიელი ფორვარდი, კრიშტიანო რონალდო.

ლევ იაშინის სახელობის საუკეთესო მეკარის პრიზი “ლივერპულისა” და ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერს, ალისონ ბეკერს გადაეცა.

ევროპის 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “იუვენტუსისა” და ნიდერლანდების ნაკრების 20 წლის მცველი მატიას დე ლიხტი აღიარეს. მას რაიმონ კოპას პრიზი გადაეცა.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად, 34 წლის ამერიკელი, მეგან რაპინო დასახელდა, რომელიც სექტემბერში ფიფამ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარა.

მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამაც აღიარა.

  • 24
  •  
  •  
  •  
  •